აშშ რუსეთის რამდენიმე მოქალაქის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს
აშშ რუსეთის რამდენიმე მოქალაქის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს

აშშ რუსეთის რამდენიმე მოქალაქის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა.

ჟურნალისტმა ტილერსონს ჰკითხა, რატომ არ აწესებს აშშ-ის მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ კონგრესის მიერ გათვალისწინებულ სანქციებს.

„ჩვენ უკვე აღვკვეთეთ რუსეთიდან იარაღის ექსპორტის ნაწილი, ამას გარდა, ჩვენ განვიხილავთ კიდევ რამდენიმე პირის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობას“, – აღნიშნა რექს ტილერსონმა.
ტილერსონმა ასევე უარყო ინფორმაცია, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაციას არ სურს ვლადიმერ პუტინისთვის პასუხისმგებლობის პირდაპირ დაკისრება, რისი მიზეზიც რუსეთის პრეზიდენტისა და თავად ტილერსონის მეგობრობაა.

„ურთიერთობები პუტინთან გრძელდება უკვე 18 წელი. ეს ურთიერთობები ყოველთვის შემოიფარგლებოდა იმით, თუ რისი გაკეთება შემეძლო ჩემი აქციონერების წარმატებისთვის და რა სარგებლის მიღება შეეძლო რუსეთს“, – განაცხადა ტილერსონმა, როდესაც ამერიკული ნავთობკომპანია Exxon Mobil-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდი გაიხსენა. ა

მავე დროს, სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შესვლის შემდეგ, მისი ურთიერთობები პუტინთან შეიცვალა.

„მე მას ვუთხარი, რომ ახლა ამერიკელ ხალხს წარმოვადგენ. ის შესანიშნავად მიხვდა, რასაც ვგულისხმობდი“, – განაცხადა ტილეროსნმა.

შეგახსენებთ, 29 იანვარს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა კონგრესს წარუდგინა ანგარიში კრემლთან დაკავშირებული პოლიტკოსებისა და ბიზნესმენების შესახებ.

„შავ სიაში“ 210 ადამიანი მოხვდა, მათ შორის რუსეთის მინისტრთა კაბინეტის წევრები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები და ბიზნესმენები. ანგარიშში აღნიშნულია, რომ „შავი სიის“ გამოქვეყნება ამ პირების წინააღმდეგ სანქციების ავტომატურად დაწესებას არ ნიშნავს. შემზღუდავი ზომების ამოქმედების შესახებ გადაწყვეტილება ცალკე უნდა იქნას მიღებული.