აშშ: რუსეთის და ირანის წინააღმდეგ მიმართული ლინდსი გრემის კანონპროექტი სენატიდან წარმომადგენელთა პალატაში გადაიგზავნა
კაპიტოლიუმის შენობა ვაშინგტონში. გადაღებულია 2026 წლის 29 ივნისს
ამერიკელმა კონგრესმენმა, ბრაიან ფიტცპატრიკმა, კონგრესში უკრაინის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა – ჯო უილსონმა და მარსი კაპტურმა, – ასევე მაიკ ქვიგლიმ, რომელიც წლების განმავლობაში კონგრესში აქტიურად ემხრობა უკრაინას და რუსეთის წინააღმდეგ ზომების მიღებას უჭერს მხარს, წარმომადგენელთა პალატაში წარადგინეს აწ უკვე გარდაცვლილი ლინდსი ო. გრემის მიერ ინიცირებული „2026 წლის აქტი რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების შესახებ“.
ამის შესახებ ბრაიან ფიცპატრიკის პრესრელიზი იუწყება.
ლინდსი გრემის კანონპროექტი წარმოადგენს სანქციების ყოვლისმომცველ პაკეტს, რომელიც მიზნად ისახავს დარტყმის მიყენებას იმ ფინანსურ ბერკეტებზე, რომელიც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელების საშუალებას აძლევს, აგრეთვე იმ მთავრობებისა და ინსტიტუტების პასუხისმგებლობის დაყენებას, რომლებიც ხელს უწყობენ აგრესიას. გარდა ამისა, ლინდსი გრემის აქტი სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად საჭირო გავლენის ბერკეტების გაძლიერებას ითვალისწინებს.
ფიტცპატრიკის გარდა, კანონპროექტს 18 თანაავტორი ჰყავს.
„სენატორ გრემს ჩემსავით სჯეროდა, რომ ამერიკის სიძლიერე მშვიდობის ყველაზე საიმედო გარანტად რჩება. სწორედ ამ რწმენით ვიხელმძღვანელეთ ამ კანონპროექტზე ერთობლივი მუშაობისას. პუტინის ომის მანქანა ნავთობს, ფულსა და სხვების მიერ თვალის დახუჭვის იმედს ემყარება, ხოლო ლინდსი ო. გრემის „2026 წლის აქტი რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების შესახებ“ სამივე ამ ფაქტორს მიზანში იღებს. ის ახდენს რუსული ბანკების იზოლირებას, ანგრევს აგრესიის დაფინანსების ქსელებს და აიძულებს ყველა მთავრობასა თუ კომპანიას, რომელიც ამ ომს ეხმარება, გააკეთოს არჩევანი. პუტინისთვის ომის ფასის გაზრდითა და მისი გაგრძელების შესაძლებლობის შემცირებით, ეს კანონპროექტი გვაახლოებს სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობასთან, რომლის პირობებსაც უკრაინა განსაზღვრავს და მოსკოვის მიერ არ იქნება თავსმოხვეული“,- ნათქვამია პრესრელიზში.
კანონპროექტი ადგენს სანქციების ფართო ჩარჩოს იმ ძირითადი წყაროების წინააღმდეგ, რომელიც რუსეთს ომის გაგრძელების საშუალებას აძლევს:
- აწესებს სანქციებს რუსი მაღალჩინოსნების, ოლიგარქების, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მხარდამჭერი სუბიექტების, ასევე უცხოური სუბიექტების წინააღმდეგ, რომლებიც მოსკოვს სამხედრო ოპერაციებში მატერიალურ მხარდაჭერას უწევენ;
- აწესებს სანქციები მსხვილი რუსული ფინანსური ინსტიტუტებისა და გარკვეული უცხოური ფინანსური ინსტიტუტების წინააღმდეგ, რომლებიც სანქცირებულ რუსულ ბანკებთან თანამშრომლობენ და ამ თანამშრომლობის ფარგლებში, მნიშვნელოვან ტრანზაქციებს ახორციელებენ;
- აწესებს სანქციების იმ გემებზე, რომლებიც რუსული ნავთობისა და სხვა სანქცირებული საქონლის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება, ასევე იმ მფლობელებზე, ოპერატორებზე, მზღვეველებზე, პორტებსა და სხვა სუბიექტებზე, რომლებიც შეგნებულად უწყობენ ხელს ამ საქმიანობას;
- რუსეთისთვის ზღუდავს წვდომას კაპიტალსა და ენერგეტიკულ ინვესტიციებზე;
- აძლიერებს ზეწოლას რუსეთის ენერგეტიკულ შემოსავლებზე – რუსეთიდან იმპორტირებულ საქონელზე 500 პროცენტამდე საბაჟო გადასახადის დაწესების გზით, ხოლო იმ ქვეყნების საქონელზე, რომლებიც რუსული ნავთობის ან ბუნებრივი აირის უმსხვილეს მყიდველებს წარმოადგენენ ან რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ – მიზნობრივი საბაჟო გადასახადების 100 პროცენტამდე გაზრდის გზით;
- ნარჩუნდება ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკვანძო უფლებამოსილება – „ირანის სანქციების შესახებ“ 1996 წლის აქტის მოქმედების 2031 წლამდე გაგრძელების გზით.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ კანონპროექტი ასევე განსაზღვრავს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის მკაფიო პირობებს. კანონპროექტის თანახმად, პრეზიდენტს სანქციების მოხსნა მხოლოდ მას შემდეგ შეეძლება, რაც კონგრესს დაუდასტურებს, რომ რუსეთმა ხელი მოაწერა სამშვიდობო შეთანხმებას, რომელსაც უკრაინის თავისუფალი და დამოუკიდებელი მთავრობა ეთანხმება, და შეწყვიტა სამხედრო მოქმედებები, ასევე უკრაინის მთავრობის დამხობის, დაშლის ან დასუსტებისკენ მიმართული საქმიანობა.
რა არის ცნობილი ლინდსი გრემის აქტის შესახებ?
კანონპროექტი რესპუბლიკელმა ლინდსი გრემმა და დემოკრატმა რიჩარდ ბლუმენტალმა მოამზადეს, თუმცა კონგრესის წევრებს შორის მას სულ 119 თანაავტორი ჰყავს (როგორც დემოკრატები, ასევე რესპუბლიკელები), რომლებიც უკრაინას უჭერენ მხარს.
კანონპროექტი ორჯერ გადამუშავდა. პირველად ეს მოხდა 11 ივლისს, ანუ ლინდსი გრემის გარდაცვალებამდე, როდესაც სენატორებმა, თეთრ სახლთან კონსულტაციების შედეგად, მისი ზოგიერთი დებულება შეარბილეს. კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია 60-ზე მეტი ქვეყნისთვის ტარიფების დაწესების შესაძლებლობას ითვალისწინებდა, თუმცა ახლა დოკუმენტი ნავთობის და ბუნებრივი აირის მხოლოდ 5 უმსხვილეს იმპორტიორ ქვეყანაზეა ფოკუსირებული. გარდა ამისა, თავდაპირველი ვერსიით რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტიორ ქვეყნებზე 500-პროცენტიანი ტარიფი წესდებოდა, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტთან შეთანხმებული ვერსიის მიხედვით, ტარიფის განაკვეთი 0-დან 100 პროცენტამდე მერყეობს. თითოეული ქვეყნისთვის კონკრეტული ტარიფის ოდენობას აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელი განსაზღვრავს.
გრემის გარდაცვალების შემდეგ, ტრამპმა, გარდაცვლილი სენატორის სურვილის გათვალისწინებით, ირანისა და „ჰეზბოლას“ სამხედრო ფრთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მოითხოვა.
7 აგვისტოს აშშ-ის სენატმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ახლა ის წარმომადგენელთა პალატამ უნდა განიხილოს და დაამტკიცოს.