აშშ ქაბულში საელჩოს თანამშრომელთა რაოდენობას შეამცირებს
აშშ ქაბულში საელჩოს თანამშრომელთა რაოდენობას შეამცირებს

აშშ ქაბულში საელჩოს თანამშრომელთა რაოდენობას შეამცირებს. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა გააკეთა.

მისივე თქმით, უახლოეს ხანში ქაბულში მხოლოდ საბაზისო დიპლომატიური წარმომადგენლობა დარჩება, თუმცა საელჩო მუშაობას გააგრძელებს.

როგორც აშშ-ის საგარეო უწყებაში აცხადებენ, ამერიკელი დიპლომატების ავღანეთიდან გამოყვანის პერიოდში პენტაგონი ქაბულის აეროპორტში დამატებით ძალებს გააგზავნის.

ამასთან, აშშ მზადაა, დააჩქაროს იმ ავღანელების ევაკუაცია, რომელთაც აშშ-ის მოქალაქეობის მიღება სურთ.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ამჟამად საუბარია 1 200 ადამიანზე, რომელთა ევაკუაციის პროცესიც უახლოეს დღეებში დაიწყება.

პენტაგონი მომდევნო 48 საათში ქაბულში 3 000 ამერიკელ სამხედროს გააგზავნის დიპლომატების ევაკუაციისას უსაფრთხოების დასაცავად.