აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი - უკრაინამ ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე პროგრესს მიაღწია, თუმცა სამუშაო ჯერ კიდევ შესასრულებელი აქვს
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი - უკრაინამ ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე პროგრესს მიაღწია, თუმცა სამუშაო ჯერ კიდევ შესასრულებელი აქვს

უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი აცხადებს, რომ უკრაინამ ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე პროგრესს მიაღწია, თუმცა სამუშაო მას ჯერ კიდევ შესასრულებელი აქვს. ამის შესახებ ბოლტონმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„2008 წელს ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია უკრაინასა და სხვა ქვეყნებისთვის ნატო-ს წევრობის დაჩქარებული პროგრამის შეთავაზების ინიციატივით გამოვიდა. თუმცა, სამწუხაროდ, ამას ყველა ევროპელი კოლეგა არ დაეთანხმა. ამჟამად მოქმედი ადმინისტრაცია აქტიურად განიხილავს ამ საკითხს უკრაინის ინტერესებიდან გამომდინარე. რამდენიმე ნაბიჯი გადაიდგა, თუმცა ბევრი რამ უკრაინაზეა დამოკიდებული, თუ როგორ შეასრულებს პოლიტიკურ და სამხედრო პირობებს ნატო-ს წევრობისთვის. თუმცა პროგრესი არის“, – განაცხადა ბოლტონმა.

2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ნატო-ს ლიდერებმა განაცხადეს, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ალიანსის წევრები.

გარდა ამასა, ჯონ ბოლტონმა აღნიშნა, რომ აშშ არ აპირებს კოსოვოსა და სერბეთის დავაში ჩარევას. მან იმედი გამოთქვა, რომ „ორი ქვეყანა უთანხმოებას დამოუკიდებლად მოლაპარაკებების გზით დაარეგულირებს“.

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი კიევში უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ჩავიდა.