აშშ ნორვეგიაში საზღვაო ქვეითების რაოდენობას გააორმაგებს
აშშ ნორვეგიაში საზღვაო ქვეითების რაოდენობას გააორმაგებს

ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ ქვეყანაში საზღვაო ქვეითების რაოდენობას გააორმაგებს. საწვრთნელი მისია მიმდინარე წლის ივნისში შეთანხმებული გეგმის მიხედვით განხორციელდება.

აშშ-ნორვეგიის ერთობლივი გეგმის თანახმად, ამერიკელი საზღვაო ქვეითების რაოდენობა 330-დან 700-მდე გაიზრდება და სამხედროების ნაწილი რუსეთის საზღვრის სიახლოვეს განთავსდება.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას რუსეთში უარყოფითი შეფასება მოჰყვა. ნორვეგიის ხელისუფლება რუსეთის მიმართ შეშფოთებას 2014 წელს, ყირიმის დაპყრობის შემდეგ გამოთქვამს.

ამერიკელი საზღვაო ქვეითების პირველი ნაკადი ნორვეგიაში 2017 წელს ჩავიდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს ნორვეგიაში უცხოელი ჯარისკაცების განთავსების პირველი შემთხვევაა. ნორვეგიის თავდაცვის მინისტრის, ინე ერიქსენ სოერეიდეს განცხადებით, გადაწყვეტილება ქვეყანაში აშშ-ის მუდმივი სამხედრო ბაზის შექმნას არ გულისხმობს.