აშშ-მექსიკის საზღვრის არალეგალურად გადაკვეთისას წლის განმავლობაში 260-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
აშშ-მექსიკის საზღვრის არალეგალურად გადაკვეთისას წლის განმავლობაში 260-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

აშშ-მექსიკის საზღვრის არალეგალურად გადაკვეთის მცდელობისას ბოლო ერთი წლის განმავლობაში 260-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია ABC სამთავრობო ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტელეკომპანიის ხელთ არსებული დოკუმენტის თანახმად, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისას დაღუპულ და იდენტიფიცირებულ პირთა უმრავლესობას მექსიკელები წარმოადგენენ – 110-ზე მეტი ადამიანი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ არალეგალი მიგრანტების უმრავლესობის გარდაცვალების მიზეზი ძლიერი სიცხეა. ამასთან, სულ მცირე, 50 ადამიანი დაიღუპა საზღვარზე მდინარის გადაცურვისას.

ერთ-ერთი უკანასკნელი უბედური შემთხვევა წელს 7 წლის გვატემალელი გოგონას გარდაცვალება იყო. ის აშშ-ში გადასვლას მამასთან ერთად ცდილობდა და მესაზღვრეების მიერ დაკავებიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

ტელეკომპანია ABC აღნიშნავს, 2018 წელს აშშ-მექსიკის საზღვრის გადაკვეთის დროს გარდაცვლილ პირთა რაოდენობა შემცირებულია. აშშ-ის სასაზღვრო-საბაჟო სამსახურის მონაცემებით, 2016 წელს ეს მაჩვენებელი 329-ს შეადგენდა.

ამჟამად მექსიკაში, აშშ-ის საზღვართან ათასობით სამხრეთამერიკელი მიგრანტია შეკრებილი, რომელთაც საზღვრის გადაკვეთა სურთ.