აშშ-მა ვიქტორ ორბანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ანტალ როგანს სანქციები მოუხსნა
აშშ-მა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ანტალ როგანს სანქციები მოუხსნა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, ეს სანქციები შეუთავსებელი იყო აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ინტერესებთან.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრუსმა განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ამ გადაწყვეტილების შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, პიტერ სიიარტოს სატელეფონო საუბრისას აცნობა.
„სახელმწიფო მდივანმა აცნობა საგარეო საქმეთა მინისტრს, პიტერ სიიარტოს უნგრეთის მაღალი თანამდებობის პირის, ანტალ როგანის სანქციების სიიდან ამოღების შესახებ. მათ ასევე განიხილეს აშშ-ისა და უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობები“, – აღნიშნა ბრუსმა.
ანტალ როგანისთვის სანქციების მოხსნას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტოც გამოეხმაურა.
„ბაიდენის არჩევნებში დამარცხების შემდეგ, სანამ დონალდ ტრამპი თანამდებობაზე დაბრუნდებოდა, დემოკრატებმა შური იძიეს უნგრეთზე ანტალ როგანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით. ეს ეპოქა დასრულდა“, – წერს სიიარტო.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ, „მაგნიტსკის გლობალური სიის“ ფარგლებში, უნგრეთის მთავრობის მაღალჩინოსანს, ანტალ როგანს კორუფციაში სავარაუდო მონაწილეობის გამო სანქციები დაუწესა. როგანი ორბანის თანაშემწეა, რომელიც მის ადმინისტრაციას 2015 წლიდან ხელმძღვანელობს.