აშშ-მა უკრაინის წინააღმდეგ მიმართული რუსეთის აგრესიისა და ყირიმის ოკუპაციის გამო დაწესებული სანქციები გააფართოვა
აშშ-მა უკრაინის წინააღმდეგ მიმართული რუსეთის აგრესიისა და ყირიმის ოკუპაციის გამო დაწესებული სანქციები გააფართოვა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის წინააღმდეგ მიმართული რუსეთის აგრესიისა და ყირიმის ოკუპაციის გამო დაწესებული სანქციები გააფართოვა. „შავ სიას“ რვა ფიზიკური პირი და ერთი კომპანია დაემატა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა განაცხადა.

მანამდე რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოეს ევროკავშირმა და კანადამაც.

„აშშ-ის, ევროკავშირისა და კანადის ამგვარი ერთობლივი კოორდინირებული მოქმედებები აღნიშნულ არალეგიტიმურ ოფიციალურ პირებს უზღუდავს საერთაშორისო ბიზნესსაქმიანობის შესაძლებლობას“, – განაცხადა აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სტივენ მნუჩინმა.

აშშ-ის სანქციები დაუწესდა ოკუპირებული ყირიმის ე.წ. მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს იური გოცანიუკს, სევასტოპოლის ე.წ. საქალაქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სერგეი დანილენკოს, ასევე მის მოადგილეს, ლიდია ბასოვასა და მდივანს, ეკატერინა პირკოვას. „შავ სიაში“ ასევე მოხვდნენ სევასტოპოლის ე.წ. საკანონმდებლო კრების თავმჯდომარე ვლადიმირ ნემცევი, მისი მოადგილე ეკატერინა ალტაბაევა და სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი მიხაილ რაზვოზჟაევი.

ამას გარდა, აშშ-ის შეზღუდვები დაუწესდა სარკინიგზო კომპანია „გრანდ სერვის ექსპრესს“ და მის გენერალურ დირექტორს, ალექსანდრ განოვს. აღნიშნული კომპანია რუსეთისა და ანექსირებულ ყირიმის დამაკავშირებელი რკინიგზით მგზავრების გადაყვანას უზრუნველყოფს.