აშშ-მა საუდის არაბეთის მოქალაქე 21 სამხედრო კადეტი ქვეყნიდან გააძევა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საუდის არაბეთის მოქალაქე 21 სამხედრო კადეტი ქვეყნიდან გააძევა. „ბიბისის“ ინფორმაციით, ვაშინგტონის გადაწყვეტილება გასული წლის დეკემბერში სამხედრო ბაზაზე მომხდარ სროლას უკავშირდება, როდესაც საუდის არაბეთის მოქალაქემ, სამხედრო კადეტმა ცეცხლი გახსნა.
გაძევებულ სამხედრო კადეტებს 21 წლის თანამოქალაქის დახმარებაში ბრალი არ ედებათ, თუმცა აშშ-ის გენერალური პროკურორი უილიამ ბარი აცხადებს, რომ საუდის არაბეთის მოქალაქე კადეტებს ჯიჰადისტური მასალა აღმოაჩნდათ.
2019 წლის 6 დეკემბერს მომხდარი ინციდენტის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა. აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა სროლის ფაქტი „ტერორიზმის აქტად“ შეაფასა.