აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ შეიძლება ახალი სანქციები დააწესოს
აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ შეიძლება ახალი სანქციები დააწესოს

უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შეიძლება დააწესოს. CNS News-ის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის ხელმძღვანელმა დენიეკ რეი კოუტსმა სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში გამოსვლისას განაცხადა.

„სანქციები განიხილება და სახაზინო მდივანმა მიანიშნა, რომ სავარაუდოდ ზოგიერთ მათგანს მომავალ კვირას გამოაქვეყნებს“, – აღნიშნა კოუტსმა.

თავის მხრივ, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სტივენ მნუჩინმა განაცხადა, რომ შემზღუდავ ზომებს სავარაუდოდ უახლოეს კვირებში მიიღებენ და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სანქციებზე მუშაობას სრულად ემხრობა.

საუბარია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე საპასუხო ზომებზე. აღნიშნულ საქმეს სპეციალური პროკურორის რობერტ მიულერის ოფისი იძიებს. საარჩევნო კამპანიაში ჩარევაში მიულერის ოფისმა რუსეთის 13 მოქალაქე და სამი იურიდიული პირი დაადანაშაულა, მათ შორის სანქტ-პეტერბურგში მდებარე ე.წ. ტროლების ქარხანა.