აშშ-მა რუმინეთში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგისთვის ჯგუფი გაგზავნა
აშშ-მა რუმინეთში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგისთვის ჯგუფი გაგზავნა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუმინეთში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგისთვის ჯგუფი გაგზავნა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც „როიტერი“ წერს, შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ინტერესი რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებისადმი განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც პირველ ტურში პირველ ადგილზე გასული ანტიევროპული კანდიდატი კალინ ჯორჯესკუს კანდიდატურა მოხსნეს, რის მიზეზადაც ჯორჯესკუს სასარგებლოდ რუსეთის ჩარევა დასახელდა.

რამდენიმე კვირის წინ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა რუმინეთის ხელისუფლება ამ გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკა და ეჭვი გამოთქვა ქვეყანაში დემოკრატიის კუთხით არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელი დამკვირვებლები საარჩევნო უბნებზე განთავსდებიან და პროცესს პირადად დააკვირდებიან.

„როგორც ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა აღნიშნა, მოხდა რამდენიმე საეჭვო რამ. საბოლოო ჯამში, გარკვევა მნიშვნელოვანია, რა ტიპის უცხოურ ჩარევაზე გვაქვს საუბარი, რადგან ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება დემოკრატის დაემართოს, არის ის, რომ გარე გავლენებმა ხალხის ხმა ჩაახშოს“, – განაცხადა ამერიკის ფედერალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა, ჯეიმს ტრეირონმა.

შეგახსენებთ, რუმინეთში საოლქო სააპელაციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა. როგორც მედია წერს, ეს გადაწყვეტილება საოლქო სასამართლომ რუმინეთში დაგეგმილ განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე მიიღო. ამასთან, რუმინეთის საარჩევნო ბიუროში განაცხადეს, რომ საოლქო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ მოახდენს გავლენას განმეორებით კენჭისყრაზე და ის ორ ეტაპად, 4 და 16 მაისს გაიმართება.

ცნობისთვის, რუმინეთის სასამართლოს უმაღლესმა ინსტანციამ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების გაუქმების გადაწყვეტილება დეკემბერში მიიღო. ამის მიზეზად მაშინ არჩევნების პირველ ტურში პირველ ადგილზე გასული ულტრამემარჯვენე კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუს სასარგებლოდ რუსეთის ჩარევა დაასახელეს.

შემდეგ კალინ ჯორჯესკუს წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, მათ შორის ფაშისტური ორგანიზაციის წევრობისა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით. თავად ჯორჯესკუ ბრალდებებს უარყოფს.