აშშ-მა პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადა. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.
როგორც „ეიბისი ნიუსი“ წერს, თეთრი სახლის წარმომადგენელი ჩინეთში ზამთრის ოლიმპიადაზე ოფიციალური დელეგაციის არგაგზავნის გადაწყვეტილებას ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევებით ხსნის. კერძოდ, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ჩინეთის ხელისუფლებას მასობრივი დაკავების ბანაკების შექმნაში და იუღურებისა და სხვა მუსლიმი უმცირესობების წარმომადგენლების იძულებითი სტერილიზაციის კამპანიის წარმოებაში სდებს ბრალს.
დიპლომატიური ბოიკოტი ნიშნავს, რომ ოლიმპიადაზე საასპარეზოდ გაემგზავრებიან ამერიკელი სპორტსმენები, თუმცა ოფიციალური დელეგაციის გარეშე.
პეკინში ზამთრის ოლიმპიური თამაშები 2022 წლის თებერვალში იხსნება.
„აშშ-ის ნაკრების სპორტსმენებს აქვთ ჩვენი სრული მხარდაჭერა. ჩვენ 100 პროცენტით მათ უკან ვართ და ვგულშემატკივრობთ მათ სახლიდან”, – აღნიშნა ჯენ ფსაკიმ.