აშშ-მა და რუსეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს ვენესუელას შესახებ რეზოლუციის პროექტები წარუდგინეს
აშშ-მა და რუსეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს ვენესუელას შესახებ რეზოლუციის პროექტები წარუდგინეს

აშშ-მა გაერო-ს უშიშროების საბჭოს განსახილველად ვენესუელას შესახებ რეზოლუციის პროექტი წარუდგინა. დოკუმენტში საუბარია ვენესუელაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე. ამას გარდა, პროექტი მოუწოდებს კარაკასს, დაუშვას არჩევნებზე უცხოელი დამკვირვებლები და მოხსნას ჰუმანიტარული დახმარების შეტანაზე დაწესებული შეზღუდვები.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ძალისხმევა უნდა მიმართოს ვენესუელაში ახალი არჩევნების ჩატარების უზრუნველსაყოფად.

ამის პარალელურად, რუსეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს ვენსუელას შესახებ საკუთარი რეზოლუციის პროექტი წარუდგინა, სადაც ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვას მოითხოვს.

მოსკოვი პოლიტიკური კრიზისის დარეგულირების გზად ე.წ. მონტევიდეოს მექანიზმის ამოქმედებას სთავაზობს, რომელიც მექსიკამ, ურუგვაიმ და კარიბის თანამეგობრობის წევრებმა შეიმუშავეს და რომელიც დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგის დაწყებას გულისხმობს.

ორივე რეზოლუციის პროექტს გაერო-ს უშიშროების საბჭო სავარაუდოდ, დღეს, 28 თებერვალს განიხილავს.