აშშ-მა და რუსეთმა ექვსი ევროპული ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია დაბლოკეს
აშშ-მა და რუსეთმა ექვსი ევროპული ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია დაბლოკეს

აშშ-მა და რუსეთმა ექვსი ევროპული ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია დაბლოკეს.

როგორც „ეუობზერვერი“ იუწყება, აშშ-მა და რუსეთმა დაბლოკე ბელგიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის და დიდი ბრიტანეთი მიერ შემუშავებული გაერო-ს რეზოლუცია, რომელშიც თურქეთის მიერ სირიაში დაწყებული სამხედრო ოპერაცია იყო დაგმობილი.

გერმანიის მუდმივმა წარმომადგენელმა შეხვედრის შემდეგ რეზოლუციის ტექსტი მაინც წაიკითხა.

„ჩვენ მოვუწოდებთ თურქეთს, შეწყვიტოს ცალმხრივი სამხედრო მოქმედებები,“ – განაცხადა იურგენ შულცმა.

დოკუმენტში აღნიშნული იყო, რომ თურქეთის ოპერაცია „ისლამური სახელმწიფოს“ აღზევების ნიადაგს ქმნის“ და „მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს რეგიონული, საერთაშორისო და ევროპის უსაფრთხოებისთვის“.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების ქმედებები „იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვს გაზრდის“.

როგორც გაერო-ში აშშ-ის ელჩმა განმარტა, მათ არ მოუწოდეს თურქეთს ოპერაციის შეჩერებისკენ, მაგრამ ანკარა გააფრთხილეს, რომ „თუ თურქეთი არ უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხოებას და არ იქნება გარანტორი, რომ მისი ქმედებები „ისლამური სახელმწიფოს“ აღზევების საფუძველს არ შექმნის, მაშინ მას პასუხის გაცემა მოუწევს.“

თავის მხრივ რუსეთმა განმარტა, რომ რეზოლუციას ვეტო იმის გამო დაადო, რომ დოკუმენტში არ იყო ნახსენები „სირიაში უცხოელი სამხედროების არალეგალურად ყოფნის საკითხი“.