აშშ-მა და დანიამ გრენლანდიის უსაფრთხოების საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს
აშშ-მა და დანიამ გრენლანდიის უსაფრთხოების საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, შეთანხმება აშშ-ს ანიჭებს „მუდმივ კონტროლს უსაფრთხოებასა და ყველა სხვა საჭიროებაზე“. დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენის თქმით კი, შეთანხმება „აძლიერებს უსაფრთხოებას არქტიკასა და ჩრდილოეთ ატლანტიკის რეგიონში“, თუმცა არ დააკონკრეტა დეტალები, რომლებზეც ტრამპმა სოციალურ ქსელში გამარტა.
დონალდ ტრამპის თქმით, შეთანხმება აშშ-სთვის „არანაირ ხარჯებთან“ არ არის დაკავშირებული და მას შესაძლებლობას აძლევს, გააკეთოს „ის, რაც საჭიროა“ გრენლანდიის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დასაცავად. მისივე თქმით, შეთანხმება მოიცავს წესს, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის წერილობითი თანხმობის გარეშე, აშშ-ის არცერთ მოწინააღმდეგეს არ ექნება გრენლანდიაზე სამხედრო ყოფნის უფლება ან „სტრატეგიული მნიშვნელობის ინვესტიციების“ განხორციელების შესაძლებლობა.
დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა, რომ შეთანხმებას მომავალ კვირას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მოაწერენ ხელს. მისივე თქმით, დოკუმენტი ერთდროულად „ცნობს სამეფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და გრენლანდიელი ხალხის თვითგამორკვევის უფლებას“.
როგორც ფრედერიქსენმა აღნიშნა, შეთანხმებას ჯერ კიდევ სჭირდება პარლამენტარების თანხმობა და ძალაში შესასვლელად საჭირო საპარლამენტო პროცედურები უნდა გაიაროს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ შეთანხმებას „ისტორიული გარიგება“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს „უზარმაზარი გამარჯვებაა აშშ-ისა და ამერიკელი ხალხისთვის“. მისივე განცხადებით, შეთანხმება „მუდმივად და სრულყოფილად აგვარებს“ გრენლანდიასთან დაკავშირებულ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს.
დოკუმენტის სრული ტექსტი ჯერ გამოქვეყნებული არ არის. სახელმწიფო დეპარტამენტის ანონიმური წყაროს ცნობით, შეთანხმება არ დაკარგავს ძალას, თუნდაც გრენლანდიამ მომავალში დამოუკიდებლობა მოიპოვოს. მისივე თქმით, დოკუმენტი აშშ-ს ცალმხრივად ანიჭებს დამატებითი სამხედრო ობიექტების მშენებლობის უფლებას გრენლანდიის ან დანიის დამატებითი თანხმობის გარეშე და მოიცავს „მუდმივ წვდომას, ბაზირებისა და ფრენების უფლებებს“.
შეთანხმება ასევე კრძალავს ნატო-ს არაწევრი ქვეყნების მიერ ბაზების მშენებლობას გრენლანდიაზე და კრძალავს „მოწინააღმდეგეთა“ ინვესტიციებს, რომლებმაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნან აშშ-ს.
ტრამპის განცხადებით, გრენლანდია გადამწყვეტია მისი გეგმისთვის – შეიქმნას რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა „ოქროს გუმბათი“, რომელიც აშშ-ს რუსეთისა და ჩინეთის სარაკეტო თავდასხმებისგან დაიცვას. მისივე თქმით, ევროპელ მოკავშირეებს ამ პროექტში თანამშრომლობა შეუძლიათ.
კუნძულს აქვს დიდი, თუმცა, ძირითადად, ჯერ კიდევ აუთვისებელი, იშვიათი მიწიერი ლითონების მარაგები, რომლებიც კრიტიკულია ისეთი ტექნოლოგიებისთვის, როგორებიცაა მობილური ტელეფონები და ელექტრომობილები.
დონალდ ტრამპი თვეების განმავლობაში ცდილობდა გრენლანდიის შეძენას არგუმენტით, რომ ის დაუცველია ისეთი მოწინააღმდეგეებისგან, როგორებიცაა რუსეთი და ჩინეთი. ასევე რამდენჯერმე დაიმუქრა სამხედრო ძალის გამოყენებით, რამაც აღშფოთება გამოიწვია დანიელებსა და ნატო-ს სხვა ქვეყნებში.