აშშ-ის კონგრესმა იუსტიციის დეპარტამენტის შესამოწმებლად კიდევ ერთი პროკურორის გამოყოფა მოითხოვა
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა იუსტიციის დეპარტამენტის შესამოწმებლად კიდევ ერთი პროკურორის გამოყოფა მოითხოვა. ამის შესახებ Foxnews-ი იუწყება. რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა მიზეზად იუსტიციის დეპარტამენტის მხრიდან შესაძლო დარღვევების გამოსააშკარავებლად უფრო დეტალური გამოძიების აუცილებლობა დაასახელეს.
ამერიკული მედიის ცნობით, კანონმდებლებმა რეზოლუციაც წარადგინეს, რომელშიც იუსტიციის დეპარტამენტის და გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელების დარღვევები არის მითითებული. ამასთან ერთად, რეზოლუცია დარღვევების გამოძიებისთვის კიდევ ერთი სპეციალური პროკურორის დანიშვნის მოთხოვნას მოიცავს. ინიციატივას მხარი 20-მა კონგრესმენმა დაუჭირა.
იუსტიციის დეპარტამენტის დარღვევებს შორის კონგრესმენები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიასა და არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ასახელებენ.
20 მაისს დონალდ ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს მოთხოვა გაერკვია, ჩაერია თუ არა წინასაარჩევნო კამპანიაში გამოძიების ფედერალური ბიურო. მეორე დღეს კი ცნობილი გახდა, რომ იუსტიციის დეპარტამენტი აღნიშნულ საქმეს გამოიძიებს.
ავტორი -
გვანცა ფოცხვერია