აშშ-ის კონგრესის ანგარიშით, „თალიბანი“ 2001 წლის შემდეგ ავღანეთის ტერიტორიის ყველაზე დიდ ნაწილს აკონტროლებს
მოძრაობა „თალიბანი“ 2001 წლის შემდეგ ავღანეთის ტერიტორიის ყველაზე დიდ ნაწილს აკონტროლებს. შესაბამისი ანგარიში ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს ავღანეთის რეკონსტრუქციის საკითხებში გენერალურმა ინსპექციამ წარუდგინა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რადიკალურმა მოძრაობამ ცენტრალური აზიის ქვეყანაში ბოლო სამი წლის განმავლობაში პოზიციები განიმტკიცა. „თალიბანის“ წევრები ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის 12 პროცენტს კონტროლებენ.
რაც შეეხება ავღანეთის ხელისუფლებას, მათ ხელში ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის მხოლოდ ნახევარი, კერძოდ 55,5 პროცენტია. აშშ-ის გენერალური ინსპექციის ანგარიშის თანახმად, აღნიშნული მაჩვენებელი ბოლო წლებში საგრძნობლად გაუარესდა, რადგან 2015 წელს ავღანეთის ხელისუფლება ქვეყნის 72 პროცენტს აკონტროლებდა.
კონგრესში წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, ცენტრალური აზიის ქვეყანაში იმ რაიონების რაოდენობაც გაიზარდა, რომლებსაც არც სახელისუფლებო ძალები და არც რადიკალები აკონოტროლებენ. ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში არის 407 ასეთი რაიონი, რაც იმას ნიშნავს, რომ ავღანეთის თითქმის მესამედი დღეს არ კონტროლდება.
ავღანეთის რეკონსტრუქციის საკითხებში აშშ-ის გენერალური ინსპექცია ვითარების გაუარესების მიზეზად ცენტრალური აზიის ქვეყნის ძალოვან სტრუქტურებში თანამშრომლების დეფიციტს ასახელებს. ამასთან ერთად, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდში რადიკალურმა დაჯგუფებებმა სამართალდამცველებზე თავდასხმები გაახშირეს.