აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგრამა „კოვაქსისთვის“ ოთხ მილიარდ დოლარს გამოყოფს
ამერიკის შეერთებული შტატები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგრამა „კოვაქსისთვის“ ოთხ მილიარდ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
პროგრამა „კოვაქსი“ დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის ვაქცინებზე წვდომის უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
„კოვიდ-19“-მა აჩვენა, რომ ვერ ერთი ქვეყანა ვერ იმოქმედებს მარტო პანდემიის წინააღმდეგ. დღეს პრეზიდენტი დგამს ნაბიჯს მსოფლიოში ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობის მხარდასაჭერად და „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ამერიკელების დასაცავად“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ დაგეგმილ ზომებზე „დიდი შვიდეულის“ ლიდერების სამიტზე ისაუბრებს, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართება.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ „კოვაქსისთვის“ გათვალისწინებული თანხის გამოყოფა 2021-2022 წლებში მოხდება.
„მთელ მსოფლიოში ვირუსის გავრცელების გაგრძელებასთან და ახალი ვარიანტების წარმოშობასთან ერთად, ნათელია, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის ვაქცინაციის რაც შეიძლება სწრაფად ჩატარება. ხვალ „დიდი შვიდეულის“ ფარგლებში პრეზიდენტი გამოაცხადებს კონკრეტულ ნაბიჯებს მსოფლიოში მოწყვლადი მოსახლეობის დაცვით ამერიკელების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად“, – აღნიშნულია თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.