აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მოლაპარაკებებს გამართავენ
აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები დღეს ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მოლაპარაკებებს გამართავენ. როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ ბრიფინგზე განაცხადა, მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო დანაყოფების კონცენტრაცია იქნება.
თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებით, ეს ონლაინშეხვედრა არის შესაძლებლობა პრეზიდენტ ბაიდენისთვის, „ხაზი გაუსვას აშშ-ის შეშფოთებას უკრაინის საზღვარზე რუსეთის სამხედრო აქტიურობასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ დაადასტუროს აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“.
ჯენ ფსაკის ცნობით, საუბარი ასევე შეეხება აშშ-რუსეთის ურთიერთობების მრავალ საკითხს, მათ შორის სტრატეგიულ სტაბილურობას, კიბერდანაშაულსა და რეგიონულ საკითხებს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევისთვის გათვალისწინებულ ზომებზე საუბრისას, თეთრი სახლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აშშ პარტნიორებთან ერთად განიხილავს ეკონომიკურ სანქციებსა და სხვა ნაბიჯებს, რომლებიც შესაძლოა, განხორციელდეს, „თუ პრეზიდენტი პუტინი წინ ნაბიჯის გადადგმას გადაწყევტს“. ამასთან, ფსაკის თქმით, აშშ-ს მიზანია, მოლაპარაკებების დროს რუსული მხარე დიპლომატიური გზით დაარწმუნოს, რომ შეწყვიტოს უკრაინის საზღვარზე სამხედროების მობილიზება.
თავის მხრივ, კრემლში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინის ბაიდენთან ონლაინშეხვედრისას განხილული იქნება ნატო-ს აღმოსავლეთით არგაფართოების გარანტიები.
„ეს არის ჩვენი შეთავაზება კოლეგებთან, წამყვან ქვეყნებთან ერთად სამუშაოს ჩატარების აუცილებლობის შესახებ შესაბამისი იურიდიული შეთანხმებების მისაღწევად, რომლებიც გამორიცხავდა აღმოსავლეთით ნატო-ს ნებისმიერ წაწევას და რუსეთთან მოსაზღვრე სახელმწიფოების ტერიტორიებზე, მათ შორის უკრაინის, ჩვენთვის პირდაპირი საფრთხის მატარებელი შეიარაღების სისტემების განთავსებას“, – განაცხადა გასულ კვირას პუტინის თანაშემწე იური უშაკოვმა.
ამასთან, კრემლის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის ცნობით, განსახილველ საკითხებს შორისაა ავღანეთში შექმნილი სიტუაცია, ირანი, ლიბანი, სირია და ორმხრივი ურთიერთობები.