აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი „ფინიქს სანზის“ შეძენით არის დაინტერესებული #1TVSPORT
სექტემბერში ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) „ფინიქს სანზის“ მფლობელი რობერტ სარვერი ერთი წლით ჩამოაშორა კლუბს რასისტული ფრაზების გამოყენების გამო, აგრეთვე 10 მილიონი დოლარით დააჯარიმა ფუნქციონერი.
არც ისე მკაცრი სასჯელის გამო გამოწვეული კრიტიკის ტალღის შემდეგ, თავად სარვერმა გამოთქვა კლუბის გაყიდვის სურვილი, რათა საბოლოოდ დაეხურა ეს საკითხი.
როგორც გამოცემა Bleacher Report ჟურნალისტ ბილ სიმონსზე დაყრდნობით წერს, „ფინიქსის“ ერთ-ერთი პოტენციური მყიდველია ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ვინც იმ ინვესტორთა ჯგუფში შედის, რომელიც „სანზის“ შეძენით არის დაინტერესებული.
„ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ობამა ერთ-ერთი ჯგუფის წევრია“, – განაცხადა სიმონსმა.
თუ ობამა შეუერთდება „ფინიქსის“ მფლობელთა ახალ ჯგუფს, ის არ იქნება აშშ-ის პირველი პრეზიდენტი, რომელსაც წილი ექნება პროფესიულ სპორტულ კლუბში. 1989-98 წლებში ბეისბოლის გუნდის „ტექსას რეინჯერსის“ თანამფლობელი იყო ჯორჯ ბუში-უმცროსი.