აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი გახდა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი გახდა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი დემოკრატი ნენსი პელოსი გახდა. წარმომადგენელთა პალატაზე კი კონტროლი დემოკრატიულმა პარტიამ გადაიბარა.

კონგრესის შუალედური არჩევნები აშშ-ში 2018 წლის 6 ნოემბერს გაიმართა. შედეგად სენატში უმრავლესობის შენარჩუნება რესპუბლიკელებმა შეძლეს, თუმცა წარმომადგენელთა პალატაში პოზიციების დათმობა მოუწიათ.

ახლად არჩეულმა სპიკერმა უკვე აღნიშნა, რომ ის არ აპირებს, მხარი დაუჭიროს პრეზიდენტის მოთხოვნას, მექსიკის საზღვართან კედლის დაფინანსებისთვის ბიუჯეტში ხუთი მილიარდი დოლარის დამტკიცებასთან დაკავშირებით. თუმცა სურს, დროულად დასრულდეს ე.წ. შათდაუნი, პროცესი რომელიც ბიუჯეტის არარსებობის გამო, მთავრობის ფუნქციონირების პარალიზებას იწვევს.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უარს აცხადებს ხელი მოაწეროს წარმომადგენლობითი პალატის მიერ უკვე დამტკიცებულ ბიუჯეტს, სადაც კედლის მშენებლობისთვის მის მიერ მოთხოვნილზე გაცილებით ნაკლები თანხებია გამოყოფილი. შედეგად უკვე კვირაზე მეტია აშშ-ის მთავრობის ნაწილი ფინანსების არარსებობის გამო ფუნქციონირებას ვერ ახერხებს.