აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სასამართლოს საქმეების კომიტეტმა პოლიციის რეფორმის შესახებ დემოკრატების კანონპროექტი დაამტკიცა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სასამართლოს საქმეების კომიტეტმა პოლიციის რეფორმის შესახებ დემოკრატების კანონპროექტი დაამტკიცა

აშშ-ში წარმომადგენელთა პალატის სასამართლოს საქმეების კომიტეტმა, 24 ხმით 14-ის წინააღმდეგ, პოლიციის რეფორმის შესახებ დემოკრატების კანონპროექტი დაამტკიცა. ინფორმაცია კომიტეტის პრესრელიზში ვრცელდება.

დემოკრატების მიერ წარდგენილი დოკუმენტი ე.წ. მახრჩობელა ილეთის გამოყენების აკრძალვას და სამართალდამცველებისთვის იმუნიტეტის მოხსნას ითვალისწინებს, რაც მსხვერპლთა ოჯახის წევრებს საშუალებას მისცემს, პოლიციის ოფიცრის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანოს.

კანონპროექტით ასევე გათვალისწინებულია მონაცემთა ეროვნული ბაზის შექმნა, სადაც პოლიციელთა გადაცდომის შესახებ ინფორმაცია იქნება ასახული. წარმომადგენელთა პალატა აღნიშნულ კანონპროექტს კენჭს მომდევნო კვირას უყრის.

ორი დღით ადრე პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, „უსაფრთხო პოლიცია, უსაფრთხო საზოგადოებისთვის“, რომელიც სამართალდამცავ სტრუქტურებში გარკვეულ ცვლილებებს ითვალისწინებს.