აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საკვანძო კომიტეტმა ტრამპის იმპიჩმენტის საქმეში არსებულ ბრალდებებს მხარი დაუჭირა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საკვანძო კომიტეტმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმეში არსებულ ბრალდებებს მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის გადაწყვეტილების შემდეგ კენჭისყრა წარმომადგენელთა პალატის სრული შემადგენლობით გაიმართება. ის შემდეგ კვირაში არის ჩანიშნული. იმპიჩმენტის საქმეში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ არსებული ბრალდებებია უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება და კონგრესის მუშაობაში ხელის შეშლა.
საუბარია დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის სტენოგრამაზე, რის გამოც რამდენიმე თვის წინ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. დემოკრატების მტკიცებით, 2020 წლის არჩევნებისთვის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის იმიჯის შესალახად ტრამპი იძულებას ცდილობდა, პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიება ჩაეტარებინა. „დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენლების მტკიცებით, დონალდ ტრამპის მიერ კონგრესის მუშაობისთვის ხელის შეშლა და უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება სწორედ ამ საქმეს უკავშირდება.
როგორც ცნობილია, კენჭისყრის დროს ბრალდებების დამტკიცებას მხარი 23-მა კონგრესმენმა დაუჭირა. ყველა მათგანი დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელია. წინააღმდეგ კი 17 „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ მოსმენა მხოლოდ 10 წუთს გაგრძელდა.
დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში ენდრიუ ჯონსონის, ბილ კლინტონისა და რიჩარდ ნიქსონის შემდეგ მეოთხე პრეზიდენტია, რომელიც იმპიჩმენტის საფრთხის წინაშე დგას.