აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტში ეროვნული დაზვერვის დირექტორს და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორს მოუსმინეს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტში ეროვნული დაზვერვის დირექტორს და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორს მოუსმინეს

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორს, ტულსი გაბარდსა და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორს, ჯონ რეტკლიფს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტში მოუსმინეს.

კომიტეტის უმაღლესმა დემოკრატმა წარმომადგენელმა, ჯიმ ჰაინსმა გააკრიტიკა ადმინისტრაცია. მისი თქმით, ჟურნალ The Atlantic-ის რედაქტორის ნაცვლად, შესაძლოა, ჩატში ჩინელი ან რუსი დაზვერვის ოფიცერი დაემატებინათ და „ჰუსიტები“ გაეფრთხილებინათ მოახლოებული დარტყმის შესახებ, მათ ექნებოდათ დრო საჰაერო თავდაცვის საშუალებების განლაგებისთვის, ექნებოდათ შესაძლებლობა, მოეკლათ ამერიკელი პილოტები.

„აქ ყველამ იცის, რომ რუსებს ან ჩინელებს შეეძლოთ, მიეღოთ ეს ინფორმაცია“, – განაცხადა ჰაინსმა.

საპასუხოდ, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ტულსი გაბარდმა გაიმეორა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადება, რომ ჩატში საიდუმლო ინფორმაცია არასოდეს გავრცელებულა და რომ თავდასხმა განხორციელდა ისე, როგორც დაგეგმილი იყო, დაგეგმილი შედეგებით. მისივე თქმით, დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, მაიკ უოლცმა აიღო ინციდენტზე სრული პასუხისმგებლობა და ამჟამად მიმდინარეობს სრულფასოვანი გამოძიება.

„პრეზიდენტმა და მაიკ უოლცმა გუშინ პრესკონფერენცია გამართეს მკაფიო გზავნილით. შეცდომა იყო, რომ ჟურნალისტი უნებლიეთ დაემატა ჩატში, სადაც განიხილავდნენ „ჰუსიტებზე“ მოსალოდნელ დარტყმებსა და შედეგებს. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა აიღო სრული პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ტულსი გაბარდმა.

ამასთან, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, ჯონ რეტკლიფმა აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაციები არის „შეცდომაში შემყვანი“.

„იმდენი საუბარია იმაზე, რა ითქვა და რა შეიძლებოდა მომხდარიყო, იმის ნაცვლად, რომ ყურადღება გამახვილდეს იმაზე, რაც მოხდა. ჩემი პასუხისმგებლობა არის ტერორისტების მოკვლა და ეს არის ის, რაც მე გავაკეთე“, – აღნიშნა რეტკლიფმა.