აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი - თურქეთმა უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა ნატო-ს მნიშვნელოვან წევრად დარჩეს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი - თურქეთმა უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა ნატო-ს მნიშვნელოვან წევრად დარჩეს

თურქეთმა უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა ნატო-ს მნიშვნელოვან წევრად დარჩეს, – ეს განცხადება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა გააკეთა. გამოსვლაში, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 70 წლის იუბილეს ეძღვნებოდა, პენსმა მოუწოდა ანკარას, უარი თქვას რუსეთისგან სარაკეტო კომპლექს „ეს-400“-ის შეძენაზე.

„თურქეთმა უნდა აირჩიოს, სურს თუ არა დარჩეს ნატო-ს მნიშვნელოვან წევრად, თუ სურს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ამ პარტნიორობის უსაფრთხობა, მისი უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებით, რომლიც ალიანსს ძირს უთხრის“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

მისივე განცხადებით, თუ თურქეთი რუსეთისგან სამხედრო ტექნიკის შეძენაზე უარს არ იტყვის, ვაშინგტონი ანკარას ავიაგამანადგურებელ ეფ-35-ის აღჭურვილობას აღარ გადასცემს.

პენსის კრიტიკულ განცხადებას თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა უკვე უპასუხა. ფუატ ოქტაი „ტვიტერში“ წერს, რომ „აშშ-მა თავად უნდა აირჩიოს, სურს თუ არა ვაშინგტონს დარჩეს თურქეთის მოკავშირედ, თუ ამ მეგობრობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ტერორისტებთან გაერთიანებით, რაც ძირს უთხრის ნატო-ში მისი მოკავშირის უსაფრთხოებას“.

ოქტაი გულისხმობდა სირიელი ქურთების შენაერთებს, რომლებსაც ვაშინგტონი ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში მოკავშირედ მიიჩნევს, ხოლო ანკარა ქურთ მებრძოლებს „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მოკავშირეებად თვლის.

დატოვე კომენტარი