აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ნება დართო, განაახლოს მიგრანტების იმ ქვეყნებში დეპორტაცია, რომლებიც მათი წარმოშობის ქვეყნები არ არის

12:32, 30.09.2026

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ნება დართო, განაახლოს მიგრანტების იმ ქვეყნებში დეპორტაცია, რომლებიც მათი წარმოშობის ქვეყნები არ არის. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

სასამართლომ დროებით შეაჩერა ბოსტონში მოქმედი აშშ-ის რაიონული მოსამართლის, ბრაიან მერფის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის პოლიტიკა, რომელიც მიგრანტების ე.წ. მესამე ქვეყნებში გაძევებას ითვალისწინებს, უკანონოა.

სასამართლო ასევე დათანხმდა, რომ დავის მხარეების არგუმენტებს დეკემბერში მოუსმინოს, რის შემდეგაც ამ პოლიტიკის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს.

იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მესამე ქვეყნებში დეპორტაცია არის „აუცილებელი მექანიზმი“ გარკვეული უცხო ქვეყნის მოქალაქეების, მათ შორის, „ზოგიერთი ყველაზე მძიმე დანაშაულის ჩამდენი უცხოელის“ ქვეყნიდან გასაძევებლად.

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების მონაცემებით, გასულ წელს ამ პოლიტიკის ამოქმედებიდან დღემდე 25 000-ზე მეტი მიგრანტი 29 ქვეყანაში გააძევეს, მათი აბსოლუტური უმრავლესობა კი მექსიკაში გაგზავნეს.

მსგავსი