აშშ-ის უზენაესი სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, შესაძლებელია თუ არა დონალდ ტრამპის გასამართლება
აშშ-ის უზენაესი სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, შესაძლებელია თუ არა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გასამართლება. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის სპეცპროკურორმა თხოვნით მიმართა უზენაეს სასამართლოს, რაც შეიძლება მალე გამოიტანოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, შეიძლება თუ არა დონალდ ტრამპის გასამართლება დანაშაულებისთვის, რომლებიც მან, სავარაუდოდ, პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნისას ჩაიდინა.
სპეცპროკურორმა ჯეკ სმიტმა შესაბამისი მოთხოვნა უზენაეს სასამართლოში 12 დეკემბერს შეიტანა. სასამართლომ მაშინვე მიიღო თხოვნა განსახილველად და მოუწოდა დონალდ ტრამპის ადვოკატებს, საკუთარი პოზიციის ფორმულირება 20 დეკემბრამდე დაასრულონ.
სპეცპროკურორი ჯეკ სმიტი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მიმდინარე ორ საქმეს კურირებს. მათ შორის არის საქმე 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის შესახებ. ამ საქმეზე 77 წლის ტრამპი სასამართლოს წინაშე 2024 წლის მარტში უნდა წარდგეს.
ტრამპის ადვოკატები აცხადებენ, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის გასამართლება სისხლის სამართლის სასამართლოში არ შეიძლება, რადგანაც მას საპრეზიდენტო იმუნიტეტი იცავს. თუმცა, ადვოკატების ეს დასაბუთება დეკემბერში ვაშინგტონის საოლქო სასამართლომ უარყო. ტრამპმა განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
როგორც „ბიბისი“ წერს, სპეცპროკურორ ჯეკ სმიტის უზენაესი სასამართლოსთვის მიმართვა, სავარაუდოდ, მიზნად ისახავს ტრამპის მხრიდან სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში მიმართვისა და, შესაბამისად, მის წინააღმდეგ აღძრული საქმეების განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილებას.
„ბიბისის“ ცნობით, თუ ტრამპი და მისი ადვოკატები პროცესის გაჭიანურებას 2024 წლის ნოემბრამდე შეძლებენ, მაშინ, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, შესაძლოა, ტრამპმა ორ საქმეზე საკუთარი თავი შეიწყალოს და სხვა საქმეების გადავადებას შეეცადოს.