აშშ-ის თავდაცვის საბიუჯეტო კანონში საქართველოსთვის განკუთვნილი თანხა 132 025 000 აშშ დოლარს შეადგენს
აშშ-ის 2020 წლის თავდაცვის საბიუჯეტო კანონის სრული ტექსტი, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი, დღეს გასაჯაროვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის აქტში საქართველოსთვის განკუთვნილი თანხა მნიშვნელოვნად გაზრდილია და 132 025 000 აშშ დოლარს შეადგენს, რაც საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების მანძილზე ყველაზე მაღალ ნიშნულს წარმოადგენს.
საქართველოს საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ აშშ-ს საბიუჯეტო კანონი კვლავ შეიცავს ჩანაწერს საქართველოს რეგიონების არაღიარების თვალსაზრისით.
„ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კონგრესის მიერ დამტკიცებულ ასიგნებათა კონსოლიდირებულ აქტს 2020 ფისკალური წლისთვის. აღნიშნული კანონი სხვა საკითხებთან ერთად განსაზღვრავს აშშ-ის პრიორიტეტებს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერისა და დახმარების კუთხით. ნიშნადობლივია, რომ 2020 ფისკალური წლის კანონი მნიშვნელოვან ჩანაწერს შეიცავს საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების თვალსაზრისით.
აღსანიშნავია, რომ კანონი ასევე ითვალისწინებს საქართველოსთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებების უპრეცედენტო ზრდას.
აქტის თანახმად, ხსენებული კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერცერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები. აგრეთვე ხსენებული კანონით გამოყოფილი რაიმე დაფინანსება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის მხარდასაჭერად.
ასიგნებათა კონსოლიდირებული აქტი მოუწოდებს აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტს შესაბამისი ინსტრუქცია მისცეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აშშ-ის აღმასრულებელ დირექტორებს, რათა მათ მხარი არ დაუჭირონ ნებისმიერი იმ პროგრამის დაფინანსებას (სესხის, კრედიტისა და გარანტიის ჩათვლით), რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
2020 წლის აქტში საქართველოსთვის განკუთვნილი თანხა მნიშვნელოვნად გაზრდილია და 132 025 000 აშშ დოლარს შეადგენს, რაც საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების მანძილზე ყველაზე მაღალ ნიშნულს წარმოადგენს“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.
აქტი ძალაში შევიდა აშშ-ის პრეზიდენტის ხელმოწერისთანავე.