აშშ-ის თავდაცვის მდივანი - უკრაინის 2014 წლამდე საზღვრებში დაბრუნება არის არარეალისტური მიზანი, ამ ილუზიური მიზნისკენ სწრაფვა მხოლოდ გაახანგრძლივებს ომს და გამოიწვევს მეტ ტანჯვას
აშშ-ის თავდაცვის მდივანი - უკრაინის 2014 წლამდე საზღვრებში დაბრუნება არის არარეალისტური მიზანი, ამ ილუზიური მიზნისკენ სწრაფვა მხოლოდ გაახანგრძლივებს ომს და გამოიწვევს მეტ ტანჯვას

აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის 2014 წლამდელ საზღვრებში აღდგენა არარეალისტურია და ამ ილუზიური მიზნისკენ სწრაფვა მხოლოდ ახანგრძლივებს ომს. ამის შესახებ პიტ ჰეგსეტმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში იმართება.

ეს „რამშტაინის“ ფორმატის პირველი შეხვედრაა, რომელშიც აშშ-ის ახალი თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი მონაწილეობს.

„ომი დაწყებიდან მესამე წლისთავს როცა უახლოვდება, ჩვენი გზავნილი მკაფიოა: სისხლისღვრა უნდა შეჩერდეს და ეს ომი უნდა დასრულდეს. პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ განუცხადა ამერიკელ ხალხს და ბევრი თქვენგანის ლიდერს – საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა და მდგრადი მშვიდობის მიღწევა არის უმთავრესი პრიორიტეტი. ის აპირებს ამ ომის დიპლომატიით და რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომით დასრულებას. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი დაეხმარება მათ ამ მიზნის მიღწევაში. ამ გამანადგურებელი ომის დასრულებას და მდგრადი მშვიდობის დამყარებას შევძლებთ მოკავშირეთა ძალების გაერთიანებით და ბრძოლის ველის რეალისტური შეფასებით. ჩვენ, თქვენ მსგავსად, გვსურს სუვერენული და განვითარებული უკრაინა, თუმცა უნდა დავიწყოთ იმის აღიარება, რომ უკრაინის 2014 წლამდე საზღვრებზე დაბრუნება არის არარეალისტური მიზანი. ამ ილუზიური მიზნისკენ სწრაფვა მხოლოდ გაახანგრძლივებს ომს და გამოიწვევს მეტ ტანჯვას.

გრძელვადიანი მშვიდობა უკრაინისთვის უნდა მოიცავდეს უსაფრთხოების ძლიერ გარანტიებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ომი კვლავ არ დაიწყება. ეს არ უნდა იყოს მინსკის მესამე შეთანხმება. ამიტომ აშშ-ს არ სჯერა, რომ უკრაინისთვის ნატო-ს წევრობა არის მოლაპარაკებების გზით დარეგულირების რეალისტური შედეგი. ამის სანაცვლოდ, უსაფრთხოების ნებისმიერი გარანტიები უნდა იყოს მხარდაჭერილი უნარიანი ევროპული და არაევროპული ჯარებით. თუ ასეთი ძალები განთავსდებიან, როგორც მშვიდობისმყოფელები უკრაინაში რაიმე ეტაპზე, ისინი არ უნდა განთავსდნენ ნატო-ს მისიით და მეხუთე მუხლი მათზე არ უნდა ვრცელდებოდეს. ასევე, შეხების ხაზზე უნდა იყოს ძლიერი საერთაშორისო მონიტორინგი. მკაფიოდ რომ ვთქვა, უსაფრთხოების არცერთი გარანტიების ფარგლებში უკრაინაში აშშ-ის ძალების განთავსება არ მოხდება“, – განაცხადა პიტ ჰეგსეტმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

შეხვედრას პირველად, ამერიკული მხარის ნაცვლად, გაერთიანებული სამეფო თავმჯდომარეობს.