აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ ირანმა რუსეთს უპილოტო თვითმფრინავები უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაუგზავნა
ირანმა რუსეთს უპილოტო თვითმფრინავები უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაუგზავნა, – ამის შესახებ ირანის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, რობერტ მელიმ განაცხადა.
ამერიკელი დიპლომატის თქმით, ირანმა ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი რუსეთს მიმდინარე წლის ზაფხულში გადასცა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი ირანელი ინსტრუქტორები რუს სამხედროებს უპილოტო თვითმფრინავების გამოყენებაში ეხმარებოდნენ უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ.
პარალელურად, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, კარენ დონფრიდმა თქვა, რომ ვაშინგტონი ყველაფერს გააკეთებს, რათა ირანმა არ მიაწოდოს იარაღი რუსეთს და განიხილავს დამატებით სანქციებს თეირანის წინააღმდეგ.