აშშ-ის სენატში კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამოსაძიებლად კომისიის შექმნის ორპარტიული ინიციატივა „რესპუბლიკელმა“ კანონმდებლებმა დაბლოკეს
აშშ-ის სენატში კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამოსაძიებლად კომისიის შექმნის ორპარტიული ინიციატივა „რესპუბლიკელმა“ კანონმდებლებმა დაბლოკეს. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
100-წევრიან სენატში კანონპროექტის დასამტკიცებლად საჭირო იყო 60 ხმა. ინიციატივამ 54 სენატორის მხარდაჭერა მოიპოვა, წინააღმდეგ 35-მა „რესპუბლიკელმა“ მისცა ხმა. საგამოძიებო კომისიის შექმნის მომხრეთა შორის „დემოკრატებთან“ ერთად ექვსი „რესპუბლიკელი“ იყო.
„ჩვენ ყველამ ვიცით, რა ხდება აქ. სენატში „რესპუბლიკელებმა“ აირჩიეს, დაიცვან „დიდი სიცრუე“, რადგან მათ ეშინიათ, რომ ნებისმიერმა ნაბიჯმა, რომელსაც შეუძლია, დონალდ ტრამპი გაანაწყენოს, ისინი პოლიტიკურად შეიძლება, დააზარალოს“, – განაცხადა სენატში „დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა, ჩაკ შუმერმა კენჭისყრის შემდეგ.
ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომხრეების მიერ კაპიტოლიუმის შტურმის გამოსაძიებლად კომისიის შექმნის ინიციატივით „დემოკრატები“ და რამდენიმე ზომიერი „რესპუბლიკელი“ გამოდიოდა. 6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმის და არეულობის დროს გარდაიცვალა ხუთი ადამიანი. დონალდ ტრამპი „რესპუბლიკელ“ კანონმდებლებს მოუწოდებდა, კომისიის შექმნის წინააღმდეგ მიეცათ ხმა და ინიციატივის მხარდამჭერებს შესაძლო „შედეგების“ გამო აფრთხილებდა.
სენატში „რესპუბლიკელთა“ ლიდერი მიტჩ მაკკონელი აცხადებდა, რომ კომისიის მუშაობა იქნებოდა კონგრესის სხვა კომიტეტების მუშაობის, ასევე ფართომასშტაბური სისხლის სამართლის ფედერალური გამოძიების დუბლირება. გამოძიების ფარგლებში ამ დროისთვის დაპატიმრებულია 440-ზე მეტი ადამიანი.