აშშ-ის სენატში დემოკრატიული უმცირესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა დაგმო რუსეთ-უკრაინის ომისადმი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიდგომა
აშშ-ის სენატში დემოკრატიული უმცირესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა დაგმო რუსეთ-უკრაინის ომისადმი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიდგომა.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, შუმერი დარწმუნებულია, რომ ტრამპის ქმედებები საფრთხეს უქმნის ურთიერთობებს ევროპელ მოკავშირეებსა და აშშ-ს „სუსტს“ ხდის მოწინააღმდეგეების წინაშე.
მისივე თქმით, ტრამპის სტრატეგიამ, შეიძლება, წაახალისოს აშშ-ის მტრები, როგორებიცაა ჩინეთი და ირანი.
„ყველაზე უარესი ის არის, რომ ეს შეერთებული შტატების სისუსტის ნიშანია. ეს სიგნალია ყველა დიქტატორისთვის ჩინეთში, ჩრდილოეთ კორეასა და ირანში, რომ თუ ტრამპის წინააღმდეგ გამოხვალთ, თქვენ მიიღებთ იმას, რაც გსურთ“, – აღნიშნა შუმერმა.
მისივე თქმით, „მორალური ტრაგედია იქნებოდა ზელენსკის გამოთიშვა“ და ზავის შესახებ მოლაპარაკებებზე უარის თქმა. თუმცა, როგორც შუმერი მიიჩნევს, პრეზიდენტი ტრამპი „ამ მიმართულებით მოძრაობს“.
შეგახსენებთ, ვატიკანში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ტრამპმა გააკრიტიკა რუსეთის დარტყმები უკრაინულ ქალაქებზე და დაემუქრა რუსეთს სანქციებით.