აშშ-ის სენატმა USAID-ის ხელმძღვანელად სამანტა პაუერი დაამტკიცა
აშშ-ის სენატმა USAID-ის ხელმძღვანელად სამანტა პაუერი დაამტკიცა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა გაერო-ში ოფიციალური ვაშინგტონის ყოფილი მუდმივი წარმომადგენლის, სამანტა პაუერის კანდიდატურა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო​ს (USAID) ხელმძღვანელის პოსტზე დაამტკიცა. ინფორმაციას „სიენენიავრცელებს.

ქვეყნის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პაუერის კანდიდატურა სენატს თებერვალში წარუდგინა. მის დამტკიცებას 68 სენატორმა დაუჭირა მხარი, ხოლო 26 წინააღმდეგი იყო.

50 წლის პაუერი 2013-2017 წლებში გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის პოსტს იკავებდა.

1961 წელს დაარსებული საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საგარეო დახმარებების გაცემაზე ორიენტირებული უმაღლესი ფედერალური სააგენტოა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტთან ურთიერთქმედებს. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს, სენატის თანხმობით, პრეზიდენტი ნიშნავს. სააგენტოს ძირითად მიმართულებებს სხვა ქვეყნებში ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, ჰუმანიტარული და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, ასევე კონფლიქტების პრევენციისა და დემოკრატიის განვითარება წარმოადგენს.