აშშ-ის სენატმა ლინდსი გრემის კანონპროექტი დაამტკიცა – რუსეთისა და მისი პარტნიორების წინააღმდეგ ახალი სანქციები მზადდება

11:50, 29.07.2026
ამერიკელი სენატორი, ლინდსი გრემი ჟურნალისტებს მიმართავს პრესკონფერენციაზე, რომელიც 2023 წლის 26 მაისს, კიევში, უკრაინელ ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებების შემდეგ, განადგურებული რუსული სამხედრო ტექნიკის ღია ცის ქვეშ მოწყობილი გამოფენის ფონზე ჩატარდა

ამერიკელი სენატორი, ლინდსი გრემი ჟურნალისტებს მიმართავს პრესკონფერენციაზე, რომელიც 2023 წლის 26 მაისს, კიევში, უკრაინელ ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებების შემდეგ, განადგურებული რუსული სამხედრო ტექნიკის ღია ცის ქვეშ მოწყობილი გამოფენის ფონზე ჩატარდა

28 ივლისს, აშშ-ის სენატმა პირველი პროცედურული კენჭისყრა ჩაატარა კანონპროექტზე, რომელიც რუსეთისა და ირანისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. აწ უკვე გარდაცვლილი რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი აღნიშნულ კანონპროექტზე ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა. მას მხარი 86-მა სენატორმა დაიჭირა.

 

ამის შესახებ უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის (суспільне україне) კორესპონდენტი იტყობინება.

ამ პროცედურული კენჭისყრით, სენატში კანონპროექტის განხილვა და მასში წერილობითი შესწორებების განხილვის პროცესი დაიწყო. დებატების დასრულების შემდეგ, კანონპროექტის მიღებას კენჭს საბოლოოდ უყრიან. ამის შემდეგ დოკუმენტს წარმომადგენელთა პალატა განიხილავს, ბოლოს კი მას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოაწერს ხელს და კანონად აქცევს.

კანონპროექტი, სახელწოდებით „ლინდსი ო. გრემის 2026 წლის აქტი რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ“, ითვალისწინებს სანქციების დაწესებას რუსეთის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებზე, ოლიგარქებსა და მათი ოჯახის წევრებზე, ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებზე, ასევე უცხოელ პირებსა და კომპანიებზე, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას უჭერენ მხარს. სანქციები ასევე შეეხება ე.წ. „ჩრდილოვან ფლოტში“ შემავალ გემებს.

გარდა ამისა, დოკუმენტი აშშ-ის პრეზიდენტს ანიჭებს უფლებამოსილებას, მიზნობრივი საიმპორტო ტარიფები დაუწესოს იმ ქვეყნებს, რომლებიც დიდი მოცულობით ყიდულობენ რუსულ ნავთობსა და გაზს ან რუსეთს ენერგეტიკული სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სანქციების დაწესების უფლებამოსილების გახანგრძლივებას, რომლებიც ირანის ენერგეტიკული და თავდაცვის სექტორების დაფინანსების შეზღუდვას ისახავს მიზნად.

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ კანონპროექტზე გამართული პროცედურული კენჭისყრის კომენტირებისას, რომელზეც გარდაცვლილი სენატორი ლინდსი გრემი მუშაობდა, ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მისთვის „პატივი იყო ხმების დათვლის პროცედურაზე დასწრება“.

„ამ კანონპროექტს მხარი 86-მა სენატორმა დაუჭირა. ეს არის პირველი ნაბიჯი ლინდსის გეგმების განხორციელებისკენ და, ეჭვგარეშეა – ნაბიჯი მშვიდობისკენ. მნიშვნელოვანია, რომ ამ მექანიზმმა იმუშაოს“, – ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.

რა არის ცნობილი გრემის აქტის შესახებ?

კანონპროექტი რესპუბლიკელმა ლინდსი გრემმა და დემოკრატმა რიჩარდ ბლუმენტალმა შეიმუშავეს, თუმცა მას კონგრესის ორივე პალატის 119 წევრი – როგორც დემოკრატი, ისე რესპუბლიკელი კანონმდებლები – უჭერს მხარს. ისინი უკრაინის მხარდამჭერები არიან.

კანონპროექტი ორჯერ გადამუშავდა – პირველად, ჯერ კიდევ 11 ივლისს, გრემის გარდაცვალებამდე, სენატორებმა, თეთრ სახლთან კონსულტაციების შემდეგ, მისი ზოგიერთი დებულება შეარბილეს. პირველადი პროექტი ითვალისწინებდა 60-ზე მეტ ქვეყნისთვის ტარიფების დაწესების შესაძლებლობას, თუმცა ამჟამად დოკუმენტი ფოკუსირებულია მხოლოდ ნავთობის და ბუნებრივი აირის ხუთ ძირითად იმპორტიორზე. გარდა ამისა, თავდაპირველი ვერსია ითვალისწინებდა 500-პროცენტიან ტარიფებს იმ ქვეყნებზე, რომლებსაც რუსული ნავთობი და გაზი შეჰქონდათ, მაშინ როცა აშშ-ის პრეზიდენტთან შეთანხმებული ვერსია ითვალისწინებს სატარიფო განაკვეთს 0-დან 100 პროცენტამდე დიაპაზონში, ხოლო თითოეული ცალკეული ქვეყნისთვის კონკრეტული სატარიფო განაკვეთის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელმა უნდა მიიღოს.

გრემის გარდაცვალების შემდეგ ტრამპმა, გარდაცვლილი სენატორის სურვილზე მითითებით, ირანისა და „ჰეზბოლას“ სამხედრო ფრთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება ითხოვა.

გრემის დაკრძალვისა და სენატში პროცედურული კენჭისყრის წინა დღეს, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის წყაროების ცნობით, კანონმდებლებს შორის საკანონმდებლო ინიციატივის ახალი ვერსია გავრცელდა; იგი მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ ვარიანტისგან, რომელიც, გარდაცვლილი ლინდსი გრემის თქმით, თეთრ სახლთან იყო შეთანხმებული და სენატის ვებ-გვერდზეა ხელმისაწვდომი. 28 ივლისის მდგომარეობით, სენატს კანონპროექტის არცერთი სხვა ვერსია არ გამოუქვეყნებია.

 

სტატიის ავტორი: ტატიანა ვოიტიუკი, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი (suspilne Ukraine/ суспільне україне)

ფოტოს ავტორი: სერგეი სუპინსკი, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 29 ივლისი, 2026 წელი, 04:44 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი