აშშ-ის სენატმა იარაღის გაყიდვასთან დაკავშირებით, დონალდ ტრამპის ვეტო ვერ დაძლია
აშშ-ის სენატმა იარაღის გაყიდვასთან დაკავშირებით, დონალდ ტრამპის ვეტო ვერ დაძლია

აშშ-ის სენატმა იარაღის გაყიდვასთან დაკავშირებით, დონალდ ტრამპის ვეტო ვერ დაძლია.

თეთრი სახლის ლიდერის გადაწყვეტილებას მხარი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატის 40 სენატორმა დაუჭირა. მის წინააღმდეგ კი 45 გამოვიდა. ვეტოს დაძლევისთვის კი სენატორთა ორი მესამედის მხარდაჭერა იყო საჭირო. აღსანიშნავია, რომ ვეტოს წინააღმდეგ ხმა ხუთმა რესპუბლიკელმა სენატორმაც მისცა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთისთვის იარაღის მიყიდვის აკრძალვასთან დაკავშირებულ რეზოლუციებს ვეტო დაადო. საუბარია საუდის არაბეთზე, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და იორდანიაზე.

რეზოლუციის თანახმად, იარაღის მიყიდვასთან დაკავშირებული შეთანხმებები მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოს თანხმობის შემთხვევაში შევიდოდა ძალაში. თუმცა დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ რეზოლუციები ამერიკის შეერთებული შტატების კონკურენტუნარიანობას დააქვეითებს და უარყოფითად აისახება იმ მნიშვნელოვან ურთიერთობებზე, რომელიც ვაშინგტონს პარტნიორ და მოკავშირე ქვეყნებთან აქვს. სწორედ ამიტომ, თეთრი სახლის ლიდერმა კანონპროექტები დაბლოკა.

მაისის ბოლოს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ საგანგებო უფლების გამოყენების შესახებ განაცხადა, რომელიც ირანიდან მომდინარე საფრთხის გამო რიგი არაბული ქვეყნებისთვის იარაღის მიყიდვას ითვალისწინებდა. საპასუხოდ წარმომადგენელთა პალატამ განსახილველად სამი კანონპროექტი წარადგინა, რომლებიც იარაღის მიყიდვის აკრძალვას ეხებოდა და რეზოლუციები ორივე პალატამ დაამტკიცა. თუმცა დონალდ ტრამპმა დოკუმენტებს ვეტო დაადო.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის აღსაკვეთად თეთრი სახლის ლიდერმა ვეტოს უფლება პრეზიდენტობის ვადაში მესამედ გამოიყენა.