აშშ-ის სენატის კომიტეტმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდას მხარი დაუჭირა
აშშ-ის სენატის კომიტეტმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდას მხარი დაუჭირა

აშშ-ის სენატის კომიტეტმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდას მხარი დაუჭირა. შესაბამისი კანონპროექტი 21 აპრილს განიხილეს. ინფორმაცია „ამერიკის ხმის“ უკრაინული რედაქცია ავრცელებს.

როგორც კომიტეტის სხდომაზე პროექტის წარდგენისას დემოკრატმა სენატორმა, რობერტ მენენდესმა განაცხადა, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდა „დროული გზავნილია“. მისივე თქმით, უკრაინა უკვე შვიდი წელია იცავს თავს რუსეთის აგრესიისგან.

„როგორც ვიცით, უკრაინაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაცია უარესდება, ათასობით რუსი სამხედრო მობილიზებულია უკრაინის საზღვრებთან. ეს კანონპროექტი არის გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას“, – განაცხადა ბობ მენენდესმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის სენატი უახლოეს ხანში დაამტკიცებს უკრაინის მხარდამჭერ კანონპროექტს.

პროექტი უკრაინისთვის 300 მილიონი დოლარის ოდენობით სამხედრო დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს. ეს თანხა განკუთვნილი იქნება მათ შორის ლეტალური იარაღის შეძენისთვის. კიდევ ოთხი მილიონი დოლარი კი უკრაინელი სამხედროების წვრთნებზე დაიხარჯება.

ამას გარდა, პროექტის ავტორები უკრაინაში აშშ-ის სპეციალური დესპანის დანიშვნის რეკომენდაციით გამოდიან.

დატოვე კომენტარი