აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე - აშშ-ში ეგონათ, რომ უკრაინელები გაბედულად იბრძოლებდნენ, მაგრამ წრაფად დამარცხდებოდნენ, რაშიც შევცდით
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე - აშშ-ში ეგონათ, რომ უკრაინელები გაბედულად იბრძოლებდნენ, მაგრამ წრაფად დამარცხდებოდნენ, რაშიც შევცდით

აშშ-ში ეგონათ, რომ უკრაინელები გაბედულად იბრძოლებდნენ, მაგრამ წრაფად დამარცხდებოდნენ, რაშიც შევცდით, -ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილე დენიელ ფრიდმა „საქართველოს რადიოსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ში ზუსტად იცოდნენ, რომ პუტინი დაესხმებოდა თავს უკრაინას, მაგრამ ფიქრობდნენ, რომ უკრაინელები სწრაფად დამარცხდებოდნენ და სწორედ ამიტომ არ გაუგზავნეს მძიმე შეიარაღება უკრაინას.

დენიელ ფირდმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებას, რომ უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის შეჭრის შესახებ აშშ-ის გაფრთხილების მოსმენა არ სურდა.

„ჩემი აზრით, სიმართლეა, რომ უკრაინელებს ბოლომდე არ სჯეროდათ, რომ რუსეთი თავდასხმას აპირებდა. და არა მხოლოდ უკრაინელებს, არამედ ბევრ ევროპელსაც არ სჯეროდა ამის. აშშ-ის, ასევე ბრიტანეთის მთავრობაც პრინციპულდ ამბობდა, რომ თავდასხმა მოსალოდნელია, მაგრამ მათ გარდა, ასევე, ალბათ პოლონელებისა და ესტონელების გარდა, ძალიან ცოტას თუ სჯეროდა რუსეთის თავდასხმის. ანუ, უკრაინელები შეცდნენ, თუმცა ისინი მარტო არ იყვნენ. რისი გაკეთება შეეძლოთ მათ? ჩემი აზრით, უკრაინელების მობილიზაცია დიდს ვერაფერს შეცვლიდა. უკრაინელებს ალბათ შეეძლოთ, უკეთ მომზადებულიყვნენ, მაგრამ მე ასევე მაქვს ინფორმაცია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკის არ სჯეროდა რუსეთის გარდაუვალი თავდასხმის, უკრაინელ სამხედროებს სჯეროდათ და ისინი მოემზადნენ. აქვე, უნდა ითქვას, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში დარწმუნებული იყვნენ, რომ რუსეთი თავს დაესხმებოდა უკრაინას, მათ მაინც არ გაუგზავნეს უკრაინას ის შეიარაღება, რასაც ვისურვებდი, რომ გაეგზავნათ. აშშ-ში მიაჩნდათ, რომ უკრაინელები გაბედულად იომებდნენ, თუმცა ძალიან სწრაფად დამარცხდებოდნენ. ჩვენ მართლები ვიყავით პუტინის ზრახვების შეფასებაში, თუმცა, საბედნიეროდ, შევცდით ომის შედეგების გამოცნობაში. რუსებმა ვერ შეძლეს უკრაინის გათელვა. მათ ვერ აიღეს კიევი 72 საათში. ჩვენ ამ შეფასებაში შევცდით, თუმცა ჩვენმა შიშმა, რომ უკრაინელები კონვენციურ ბრძოლას ძალიან სწრაფად წააგებდნენ, განაპირობა ის, რომ ჩვენ არ გვსურდა უკრაინისთვის იმ მძიმე შეიარაღების გაგზავნა, რომელსაც ახლა ვაძლევთ. ეს ჩემთვის გასაგებია. ეს იყო შეცდომა, თუმცა ეს შეცდომა არ იყო გამოწვეული ცუდი ნებით, არამედ ეს განაპირობა ცუდმა შეფასებამ. ჩემი აზრით, ევროპის ქვეყნების უმეტესობას ეგონა, რომ უკრაინელები წააგებდნენ. საბედნიეროდ, ჩვენ შევცდით. უკრაინელები არ დამარცხებულან და ჩემი შეფასებით, ისინი მედგრად იბრძვიან“, – განაცხადა დენიელ ფრიდმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ მოადგილე დენიელ ფრიდთან ინტერვიუს სრულ ვერსიას მოისმენთ 17 ივნისს, 14:00 საათზე „საქართველოს რადიოს“ ეთერში, ლევან ახალაიას საავტორო გადაცემაში „მსოფლიოს ამბები“.