აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე - მხარს ვუჭერთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს კონფლიქტების გადაწყვეტასა და ეკონომიკური პროექტების განხორციელებაში ვეხმარებით
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე - მხარს ვუჭერთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს კონფლიქტების გადაწყვეტასა და ეკონომიკური პროექტების განხორციელებაში ვეხმარებით

აშშ მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს და მათ შორის საქართველოს კონფლიქტების გადაწყვეტასა და ეკონომიკური პროექტების განხორციელებაში ეხმარება, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯორჯ კენტმა მარშალის ფონდში გამართული ვიდეოკონფერენციის დროს გააკეთა.

„აშშ ეხმარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს და მათ შორის საქართველოს კონფლიქტების გადაწყვეტაში. ამ კონფლიქტებს ხანდახან უწოდებენ გაყინულ კონფლიქტებს. ეს ეხება როგორც ნახევრად გაყინულ სიტუაციას დნესტრისპირეთში, მოლდოვაში. ასევე მთიან ყარაბაღს, სადაც ძალადობის დაბალი მაჩვენებელია და ბორდერიზაციას, როდესაც რუსეთის მიერ მეთაურობით მოქმედი სამხედრო ძალები აფართოებენ ღობეებს რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან, საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთსა და ყირიმს, რუსეთის აქტიურ ომს დონბასში“, – განაცხადა ჯორჯ კენტმა.

მისივე თქმით, აშშ მხარს უჭერდა სარკინიგზო მაგისტრალის პროექტს, რომელიც აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს აკავშირებს, ასევე სამხრეთის გაზის დერეფანს, რომელიც თითქმის დასრულებულია.

„ეს ის დიდი და მნიშვნელოვანი პროექტებია, რომლებიც ათობით მილიარდი დოლარი დაჯდა და მათ განხორციელებას დიდი დრო დასჭირდა. ასევე არის საუბარი ახალ პროექტებზე, რომლებიც ახლა განხილვის ეტაპზეა. მაგალითად საქართველოში, სადაც სურთ ღრმაწყლოვანი პორტების მშენებლობა ანაკლიასა და ფოთში. ღრმაწყლოვანი პორტების მშენებლობა დიდი ხომალდების მიღების საშუალებას იძლევა, რაც ვაჭრობის შესაძლებლობებს გაზრდის. ჩემი აზრით, ეს მიზანშეწონილია როგორც საქართველოსთვის, ისე მეზობელი ქვეყნებისთვისაც. რადგან ეს ალტერნატიული სავაჭრო გზაა. აშშ გააგრძელებს მსგვსი პროექტების მხარდაჭერას, რადგან მათ ამ რეგიონის ქვეყნებისთვის კეთილდღეობის მოტანა შეუძლიათ“, – განაცხადა ჯორჯ კენტმა.