აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და ავღანეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და ავღანეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

აშშ გასული წლის თებერვალში თალიბანთან მიღწეულ შეთანხმებას განიხილავს იმის დასადგენად, ასრულებენ თუ არა თალიბები ნაკისრ ვალდებულებებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

ავღანეთის ლიდერთან საუბრისას ბლინკენმა მხარდაჭერა გამოუცხადა ქვეყანაში სამშვიდობო პროცესს და აღნიშნა, რომ აშშ განიხილავს თალიბანთან გაფორმებულ შეთანხმებას და სწავლობს, ასრულებენ თუ არა თალიბები ვალდებულებებს, რომლებიც ტერორისტულ ჯგუფებთან კავშირების გაწყვეტას, ავღანეთში ძალადობის შემცირებას, ავღანეთის მთავრობასთან კონსტრუქციულ მოლაპარაკებებში მონაწილეობას ითვალისწინებს.

სახელმწიფო მდივანმა მზადყოფნა გამოთქვა, კონსულტაციები გამართოს ავღანეთის მთავრობასთან, ნატო-ს მოკავშირეებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ავღანეთისთვის სტაბილური, სუვერენული დემოკრატიული და უსაფრთხო მომავლის მხარდასაჭერად კოლექტიურ სტრატეგიასთან დაკავშირებით.