აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ დოჰაში თალიბებთან გამართული მოლაპარაკებები „გულწრფელი და პროფესიონალური“ იყო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ დოჰაში თალიბებთან გამართული მოლაპარაკებები „გულწრფელი და პროფესიონალური“ იყო. ამის შესახებ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, ავღანეთიდან კოალიციური ძალების გაყვანის შემდეგ, აშშ-ის წარმომადგენლებსა და „თალიბანის“ წევრებს შორის პირისპირ შეხვედრა პირველად გაიმართა.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ-ის დელეგაცია ფოკუსირებული იყო უსაფრთხოებასა და ტერორიზმის პრობლემებზე, ავღანეთიდან აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის უსაფრთხო გასასვლელის უზრუნველყოფაზე, ასევე ადამიანის უფლებებზე, მათ შორის, ავღანეთის საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტში ქალთა ჩართულობაზე. მხარეებმა, ასევე, განიხილეს აშშ-ის მიერ ავღანელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების საკითხი.
„დისკუსია იყო გულწრფელი და პროფესიონალური და აშშ-ის დელეგაციამ კვლავ დაადასტურა, რომ „თალიბანს“ განსჯის მისი ქმედებებით და არა მხოლოდ სიტყვებით“, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.