აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სამოქალაქო სიმამაცისთვის აქტივისტი ქალები, მათ შორის ბელარუსი ოპოზიციონერი მარია კოლესნიკოვა დააჯილდოვა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სამოქალაქო სიმამაცისთვის აქტივისტი ქალები, მათ შორის ბელარუსი ოპოზიციონერი მარია კოლესნიკოვა დააჯილდოვა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სამოქალაქო სიმამაცისთვის 21 აქტივისტი და საზოგადო მოღვაწე ქალი დააჯილდოვა. მათ შორის არის ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მარია კოლესნიკოვა, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება.

სამოქალაქო სიმამაცისთვის ჯილდოს აშშ-ის საგარეო უწყება 2007 წლიდან ყოველწლიურად გასცემს. ჯილდოს ის ქალები იღებენ, ვინც განსაკუთრებული სიმამაცე და ლიდერობა გამოიჩინა მშვიდობის, სამართლიანობის, ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობის, ქალთა თანასწორობისა და შესაძლებლობების გაფართოებაში შეტანილი წვლილისთვის. ამ ჯილდოს ნომინანტებს სხვადასხვა ქვეყანაში აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობები ასახელებენ, ხოლო ფინალისტებს სახელმწიფო დეპარტამენტი არჩევს.

წელს ბელარუს ოპოზიციონერთან ერთად, გამოჩენილი სიმამაცისთვის დააჯილდოვეს ქალი აქტივისტები მიანმარიდან, ჩრდილოეთ კორეიდან, ირანიდან, თურქეთიდან, ჩინეთიდან, კოლუმბიიდან, ვენესუელიდან და ა.შ.

დაჯილდოების ცერემონია 8 მარტს ვირტუალურ ფორმატში გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, სიტყვით გამოვა პირველი ლედი ჯილ ბაიდენიც.

შეგახსენებთ, რომ მარია კოლესნიკოვა 7 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალი წაუყენეს ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით ხელში ჩაგდების მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობასა და ექსტრემისტული ფორმირების ჩამოყალიბებაში.

ოპოზიციის ცნობით, სამართალდამცავებმა კოლესნიკოვა მას შემდეგ დააკავეს, რაც მან ქვეყნის დატოვებაზე უარი განაცხადა და ამ მიზნით პასპორტი დემონსტრაციულად დახია.