აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი - სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს მოსახლეობას, მათ სურვილს, იყვნენ სუვერენული ქვეყანა, ჩვენ ვიქეცით სტრატეგიულ პარტნიორებად
ამერიკელი ხალხი სოლიდარობას უცხადებს საქართველოს მოსახლეობას, მათ სურვილს, იყვნენ სუვერენული ქვეყანა, წლების განმავლობაში ვიქეცით სტრატეგიულ პარტნიორებად, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე ჯელინა პორტერმა ჟურნალისტებთან საუბრისას. მას შეკითხვა დაუსვეს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვაშინგტონში ვიზიტთან დაკავშირებით. ჯელინა პორტერმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის არ აქვს შეხვედრების შესახებ ინფორმაცია, რომელთა მედიისთვის გაცნობასაც შეძლებდა.
„თუმცა, რაც შემიძლია, ვთქვა საქართველოს შესახებ, არის ის, რომ დასაწყისიდანვე ამერიკელი ხალხი სოლიდარობას უცხადებს საქართველოს მოსახლეობას და მათ სურვილს, იყვნენ თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა. წლების განმავლობაში ასევე ვიქეცით სტრატეგიულ პარტნიორებად, რომლებიც ერთად მუშაობენ ჩვენი საერთო ხედვისთვის, რაც გულისხმობს ერების ევროატლანტიკურ ოჯახში სრულად ინტეგრირებულ საქართველოს, როგორც მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის ნაწილს“, – აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.