აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი - აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციები 10 აპრილს სტამბოლში შეხვდებიან, რათა ხელი შეუწყონ ორმხრივი მისიების მუშაობას, უკრაინის საკითხი არ არის დღის წესრიგში
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ 10 აპრილს სტამბოლში აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების მორიგი შეხვედრა გაიმართება.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრუსმა აღნიშნა, მოლაპარაკებები საელჩოს ფუნქციონირების საკითხებს შეეხება.
მისივე განმარტებით, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლები შეხვედრისას უკრაინის საკითხს არ განიხილავენ.
„10 აპრილს აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციები მეორედ შეხვდებიან, რათა ხელი შეუწყონ ჩვენი ორმხრივი მისიების მუშაობას. ეს შეხვედრა სტამბოლში გაიმართება. დღის წესრიგში არ არის პოლიტიკური ან უსაფრთხოების საკითხები. უკრაინის საკითხი ასევე არ არის დღის წესრიგში. ეს მოლაპარაკებები მხოლოდ ჩვენი საელჩოს ფუნქციონირებას ეხება და არა ორმხრივი ურთიერთობების საერთო ნორმალიზაციას, რაც, როგორც აღვნიშნეთ, მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობა დამყარდება“, – განაცხადა ბრუსმა.