აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში პენიტენციურ დაწესებულებებში გატარებულ რეფორმებზეც არის საუბარი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში პენიტენციურ დაწესებულებებში გატარებულ რეფორმებზეც არის საუბარი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში პენიტენციურ დაწესებულებებში გატარებულ რეფორმებზეც არის საუბარი.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, მთავრობა ციხეების მონიტორინგის საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტსა და ადამიანის უფლებების რამდენიმე ადგილობრივ და საერთაშორისო ჯგუფს, ციხეებში არსებული მდგომარეობის დამოუკიდებლად შესწავლის საშუალებას აძლევდა.

„პენიტენციურ დაწესებულებებზე ხელი მიუწვდებოდა აგრეთვე სახალხო დამცველთან არსებულ პრევენციის ეროვნულ მექანიზმს, რომელიც დაგეგმილ და დაუგეგმავ ვიზიტებს ახორციელებდა და ვიზიტების დროს ფოტოსურათების გადაღების ნებართვაც ჰქონდა. წითელი ჯვრის კომიტეტს ციხეებსა და წინასწარი დაკავების ადგილებზე სრული წვდომა ჰქონდა საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და გარკვეული წვდომა ციხეებსა და წინასწარი დაკავების ადგილებზე „სამხრეთ ოსეთში“. 2017 წლის ივნისში პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ძალაში იანვარში შევიდა. ნაკლებად საშიშ პატიმრებსა და იმ პირებს, ვინც არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებებში იხდიან სასჯელს, კანონი უმაღლესი განათლების მიღების საშუალებას აძლევს. ასევე იანვარში შინაგან საქმეთა სამინისტრომ იუნისეფ-თან ერთად წამოიწყო პროექტი, რომელიც არასრულწლოვან პატიმრებს დეკემბრისთვის ფსიქოლოგიური მომსახურების მიღების შესაძლებლობას მისცემდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, წლის განმავლობაში განახლდა სასწავლო კურსები დროებითი დაკავების დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის, რომლებსაც დაკავებულთა ტრავმები, მათ შორის ფოტოსურათების გადაღების მეშვეობითაც, უნდა აღერიცხათ, დროებითი დაკავების ორი დაწესებულება გარემონტდა, ხოლო ოთხ დაწესებულებაში სამედიცინო პუნქტები გაიხსნა“, – აღნიშნულია ანგარიშში.