აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სომხეთსა და აზერბაიჯანს ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„აშშ უმკაცრესად გმობს ძალადობის ესკალაციას. სახელმწიფო მდივნის მოადგილე ესაუბრა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს, რათა მოუწოდოს მათ, დაუყოვნებლივ შეწყდეს ძალადობა, გამოიყენონ პირდაპირი კომუნიკაციის მოქმედი არხი, რათა ესკალაცია არ გაგრძელდეს და მოერიდონ უსარგებლო რიტორიკასა და ქმედებებს, რაც ტემპერატურას კიდევ უფრო ზრდის“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ძალადობის ესკალაციაში გარე ძალების მონაწილეობა უსარგებლო იქნება და დაძაბულობას კიდევ უფრო გაზრდის. ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრა მხოლოდ მშვიდობიანი გზით არის შესაძლებელი.
შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება დღეს დილიდან დაიძაბა. სომხეთი და აზერბაიჯანი სიტუაციის ესკალაციაში და ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ორივე მხარეს არიან დაღუპულები და დაჭრილები.