აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - საბჭოთა კავშირისგან საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღდგენამ უზრუნველყო მათი სუვერენიტეტი და უფლება, გაატარონ საგარეო პოლიტიკის საკუთარი ინტერესები
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - საბჭოთა კავშირისგან საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღდგენამ უზრუნველყო მათი სუვერენიტეტი და უფლება, გაატარონ საგარეო პოლიტიკის საკუთარი ინტერესები

საბჭოთა კავშირისგან საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღდგენამ უზრუნველყო ამ სამი ქვეყნის სუვერენიტეტი და უფლება, გაატარონ საგარეო პოლიტიკის საკუთარი ინტერესები. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

უწყების წარმომადგენლის თქმით, ერევანსა და ბაქოს შორის პირდაპირი დიალოგი არის რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად საკვანძო, ამიტომ აშშ მოუწოდებს მხარეებს გამართონ შეხვედრა ნებისმიერ ფორმატში.

„ჩვენ ორივე ლიდერს, სომხეთის პრემიერ-მინისტრს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს მოვუწოდეთ, შეხვდნენ ნებისმიერ ფორმატში, რომელიც მათთვის სასარგებლო იქნება. ჩვენი მთავარი მოსაზრებაა, რომ პირდაპირი დიალოგი არის საკვანძო ამ საკითხის მოგვარებისთვის და ხანგრძლივ მშვიდობის მიღწევისთვის. აშშ მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. 1991 წელს საბჭოთა კავშირისგან საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღდგენა იყო მოვლენა, რომელმაც უზრუნველყო თითოეული ამ ქვეყნის სუვერენიტეტი და უფლება, გაატარონ საგარეო პოლიტიკის საკუთარი ინტერესები“, – განაცხადა პატელმა.