აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს „რადიო თავისუფლებასთან“ დაკავშირებით აფრთხილებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, „რადიო თავისუფლებისა“ და სხვა მსგავსი ტიპი მედიაორგანიზაციებისთვის „საგარეო აგენტის“ სტატუსის მინიჭებით, რუსეთში პრესის თავისუფლებას კიდევ უფრო მეტი საფრთხე ელოდება. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
29 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ „საგარეო პერსპექტივებთან დაკავშირებით“ კრემლი სულ უფრო არატოლერანტული ხდება და ქვეყნის პოლიტიკა განსხვავებული აზრის სრული ჩახშობისკენ მიდის.
„რუსეთის ხელისუფლება კვლავ თუ განაგრძობს „რადიო თავისუფლების“ იძულებითი დახურვისკენ მიმართულ ღონისძიებებს, ჩვენი მხრიდან საპასუხო ნაბიჯები გადაიდგმება“, – აღნიშნა პრაისმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ზემოხსენებული განცხადება რუსეთის მედიის მარეგულირებელი ორგანოს („როსკომნადზორი“) მხრიდან, ე.წ. საგარეო აგენტის კანონის ასობით დარღვევის გამო, „რადიო თავისუფლების“ რუსულენოვანი სამსახურების ერთი მილიონი დოლარის ოდენობით დაჯარიმებას ეხება.
რუსეთის ხელისუფლებამ ბოლო პერიოდში „საგარეო აგენტის“ სტატუსი ლატვიაში ბაზირებულ საინფორმაციო პლატფორმა „მედუზასაც“ მიანიჭა.