აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - მკაცრად ვგმობთ რუსეთში დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენებულ ხისტ ტაქტიკას
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - მკაცრად ვგმობთ რუსეთში დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენებულ ხისტ ტაქტიკას

მკაცრად ვგმობთ რუსეთში დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენებულ ხისტ ტაქტიკას, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„რუსეთის მთავრობა აქამდეც ცდილობდა, ჩაეხშო მშვიდობიანია გზით აზრის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, ამას აქციების ორგანიზატორთა შევიწროებით, სოციალური მედიის პლატფორმების მიმართ მუქარით, აქციების მონაწილეთა პრევენციული დაკავების გზით აკეთებდა. ამას წინ უსწრებდა წლების განმავლობაში შეზღუდვების გამკაცრება და რეპრესიული ქმედებები, რომლებიც მიმართული იყო სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის დაკავება და საპროტესტო აქციების ჩახშობა იმის მაჩვენებელია, რომ რუსეთი აგრძელებს სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანების ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვას.

„მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყველა დაკავებული, რომლებიც მათი უნივერსალური უფლებებით სარგებლობის გამო არიან პატიმრობაში და ასევე, უპირობოდ გაათავისუფლოს ალექსეი ნავალნი. ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, სრულად ითანამშრომლოს საერთაშორისო საზოგადოებასთან ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამოძიებაში და სანდო ახსნა მოუძებნოს საკუთარ მიწაზე ქიმიური იარაღის გამოყენებას“, – ნათქვამია განაცხადებში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ასევე აცხადებენ, რომ „რუსეთის მოქალაქეების შეკრების თავისუფლება და თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში მონაწილეობის უფლება გარანტირებულია, როგორც რუსეთის კონსტიტუციით, ისე რუსეთის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებით.

აშშ-ი მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მხარდამხარ დადგება ადამიანის უფლებების დასაცავად რუსეთშიც და ყველაგან, სადაც ამ უფლებებს საფრთხე დაემუქრება“, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთში 23 იანვარს გამართული აქციების დროს 2 600-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. დემონსტრაციების მონაწილეები რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის გათავისუფლებას ითხოვდნენ.