აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „ჰამასის“ ფინანსური ქსელის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ ფულად ჯილდოს აწესებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „ჰამასის“ ფინანსური ქსელის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ ფულად ჯილდოს აწესებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „ჰამასის“ ფინანსური ქსელის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ ფულად ჯილდოს აწესებს. კერძოდ, როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, აშშ 10 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდოს სთავაზობს ინფორმაციისთვის, რომელიც „ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ ფინანსური მექანიზმების განადგურებას“ გამოიწვევს.

სახელმწიფო დეპარტამენტი დაინტერესებულია ხუთი პირის შესახებ ინფორმაციით, რომლებსაც ის „ჰამასის“ ფინანსურ ფასილიტატორებს უწოდებს. მათ შორისაა სუდანში მცხოვრები „ჰამასის“ ფინანსისტი აბდელბაზიტ ჰამზა, რომელიც, სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მართავს მრავალ კომპანიას „ჰამასის“ საინვესტიციო პორტფელში და ჩართული იყო დაჯგუფებისთვის თითქმის 20 მილიონი დოლარის გადარიცხვის ოპერაციაში. უწყების ინფორმაციით, ჰამზას ასევე ხანგრძლივი ფინანსური კავშირები აქვს „ალ-ქაიდასთან“.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ჩამოთვლილი კიდევ სამი პირი – ამერ ქამალ შარიფ ალშავა, აჰმედ სადუ ჯალები და ვალიდ მუჰამედ მუსტაფა ჯადალა არიან. უწყების მონაცემებით, სამივე მათგანი თურქეთში ცხოვრობს და„ჰამასის“ საინვესტიციო ქსელს წარმოადგენს.

მეხუთე პირი, რომლის შესახებაც აშშ ინფორმაციას ითხოვს, არის მუჰამედ აჰმად აბდალ-დაიმ ნასრალა, რომელსაც, აშშ-ის მთავრობის ცნობით, კავშირი აქვს ირანულ კომპანიებთან და მონაწილეობდა „ჰამასისთვის“ ათობით მილიონი დოლარის გადარიცხვაში.