აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ბელარუსის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ უსამართლოდ დაკავებულები
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ბელარუსის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ უსამართლოდ დაკავებულები. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„ჩვენ კვლავ უკიდურესად შეშფოთებულები ვართ 9 აგვისტოს გამართულ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებზე დაშვებული სერიოზული დარღვევების გამო და მკაცრად ვგმობთ მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობას, ოპოზიციონერი კანდიდატებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებას, ბელარუსის ინტერნეტსამსახურის ბლოკირებას და დაკავებულებთან სასტიკ მოპყრობას. მოვუწოდებთ უსამართლოდ დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისა და დაკარგულების შესახებ ანგარიშის წარდგენისკენ“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ამასთან, აშშ მოუწოდებს ბელარუსის ხელისუფლებას, მიიღოს ეუთო-ს თავმჯოდმარის შეთავაზება დიალოგში შუამავლობის შესახებ.
„აშშ მხარს უჭერს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, რომელიც პრინციპულად ასახავს ბელარუსი ხალხის ნებას. 9 აგვისტოს ჩატარებულმა არჩევნებმა ეს სტანდარტი არ დააკმაყოფილა. ბელარუსი, აშშ-ის მსგავსად, ეუთო-ს წევრია, რომელიც იცავს ამ სტანდარტებს. ჩვენ მოვუწოდებთ ბელარუსის მთავრობას, მიიღოს ეუთო-ს თავმჯდომარის შეთავაზება დიალოგის ხელშესაწყობად და ყველა მხარის ჩასართავად“, – ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ბელარუსის ხელისუფლებას ახალჩამოყალიბებულ ეროვნულ საკოორდინაციო საბჭოსთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.
ამასთან, აშშ მხარს უჭერს საერთაშორისო ძალისხმევას ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებზე დარღვევებისა და ადამიანის უფლებების დარღვევების გამოსაძიებლად.